ეკონომიკა
16/12/2021

რა ინსტრუმენტებით გეგმავს სებ-ი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე გასვლას

რა ინსტრუმენტებით გეგმავს სებ-ი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე გასვლას, - დეტალებზე სებ-ის პრეზიდენტმა დეტალებზე პარლამენტში ისაუბრა.

კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ გლობალურად გახანგრძლივებული პანდემიის გამო, მსოფლიო 2021 წელს ეგზოგენური ფაქტორებით შეხვდა.

"ეს იყო საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, გლობალური მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო გადაზიდვების ფასების მკვეთრი ზრდა, ეკონომიკის ჩაკეტვები, ლოქდაუნები და კოვიდ-19-ის შედეგად საწარმოების ერთ-ერთეულ პროდუქტზე ხარჯების ზრდა. ამ ყველაფრის ფონზე, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, 2021 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთ განვითარებულ ქვეყანაში როგორიცაა აშშ (6.8% - დაახლოებით ბოლო 40 წლის მაქსიმუმი) და გერმანია (წინასწარი მონაცემებით 5.2% - ბოლო 29 წლის მაქსიმუმი). აღნიშნული სიტუაცია ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, როგორც საშუალოვადიანი პერიოდის ორიენტირს, რომლისკენაც მიმდინარე ინფლაციამ უნდა იმოძრაოს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. კერძოდ, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეკონომიკისთვის ნომინალური ღუზაა - ის იმისგან გვიცავს, რომ შოკების შემდეგ ინფლაცია მის გრძელვადიან ოპტიმალურ დონეს, რომელსაც ჩვენ მიზნობრივ მაჩვენებლად ვაწესებთ, ისევ დაუბრუნდეს ხოლმე. მაღალი ინფლაციის დროს მაღალი ინფლაციის მიზნის დაწესებით, პრაქტიკულად, ინფლაციის მიზნის არსებობის დანიშნულებაზე ვიტყოდით უარს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დაბალ დონეზე შენარჩუნებით კი ბაზრისთვის ცხადია, რომ ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავა და დროებითი იქნება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით.

"გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება. საყურადღებოა, რომ საქართველო 2020 წლის პანდემიას შედარებით მაღალი ინფლაციით შეხვდა, რაც ტურიზმის სექტორისთვის 2019 წლის რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლის შეზღუდვის შოკის შედეგს წარმოადგენდა, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული პოლიტიკის შედეგად, 2020 წლის დასაწყისში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებითმა მოშლამ, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვამ და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ინფლაციაზე წნეხი კვლავ გაზარდა. პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ", - განაცხადა კობა გვენეტაძე.