პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის
საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონალური ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს როგორც რბილი, ისე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე განაცხადა, სადაც გამოვიდა სიტყვით, თემაზე „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე“.
მისი განცხადებით, რეგიონალური ინიციატივები ენერგეტიკის სექტორში და ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება, ევროპისა და აზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი, შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, გაზრდის ჩვენი რეგიონისა და საქართველოს გამტარუნარიანობას.
"ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნების დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად.
ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მათ შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც მწვანე, განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით შავი ზღვის თხევადი აირის პროექტის განვითარებას.
მისი წარმატებული განხორციელება ხელს შეუწყობს სამხრეთ დერეფნის შემდგომ განვითარებას პროდუქტებისა და მარშრუტების მიწოდების დივერსიფიკაციის გზით. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე განვიხილავთ ეგრეთ წოდებულ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს ევროკავშირის პარტნიორებთან, რაც დამატებით ეკონომიკურ მუხტს შემოიტანს და კატალიზატორად იქცევა ევროპულ და აზიურ ბაზრებთან მეტი კავშირისა და ინტეგრაციისთვის. გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და მოკავშირეები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ისარგებლებენ ამ პროექტებით,"-განაცხადა ღარიბაშვილმა.