PBO მეორე კვარტალში ეკონომიკის 6,2%-იან ვარდნას ელის
პანდემიის გავლენა წლის მესამე კვარტალსაც გადაყვება. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის (PBO) მოლოდინით, 2020 წლის III კვარტალში რეალური მშპ-ი წლიურად 6.2%-იან ვარდნას აჩვენებს.
ოფისის მოლოდინი კონკრეტულ გათვლებს ეფუძნება.
"სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების ცალკეულ შემთხვევებში გაუქმების ან ზოგ შემთხვევაში შერბილების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანია საგარეო მოთხოვნის შოკი და გლობალური პანდემიის ფონზე კვლავ მნიშვნელოვნად დარღვეულია გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც განაპირობებს მიწოდების შოკს", - განმარტებულია PBO-ს კვლევაში.
ოფისის დაშვებებით, მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 90%-ით შემცირდება, ამავე დროს მკვეთრად
შემცირდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხოვნობაც; ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან კლებას ნაწილობრივ დააკომპენსირებს შიდა ტურიზმის აქტივობა (მოსალოდნელია, რომ ტურიზმის იმპორტის ნაწილი გადმოერთვება შიდა ტურიზმზე); უმნიშვნელოდ შემცირდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით არასასურსათო პროდუქტებზე; შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს.
შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკის განახლებული პროგნოზით ეკონომიკა წელს 5%-ით შემცირდება. „ზრდის პროგნოზის გადახედვა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდ, მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე იკვეთებოდა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ინფლაციების მოლოდინების კუთხით რისკები, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლავს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.