ეკონომიკა
03/11/2021

ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები და მომსახურება

ტრადიციულად უკვე ბოლო რამდენიმე თვეა, ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ოქტომბერშიც ყველაზე მეტად გაძვირებულ სერვისსა და მომსახურებებში ლიდერობას ინარჩუნებს.

სატრანსპორტო მომსახურების ფასები წლიურად 19.6%-ით არის გაძვირებული, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 18.4%-ით.

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის (რომელიც 12.8%-ს შეადგენს) ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის პროდუქტები გაძვირებულია 18.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73%-ული პუნქტით აისახა. გაძვირებულია ბოსტნეული და ბაღჩეული (43%), ზეთი და ცხიმი (31.6%), პური და პურპროდუქტები (19.4%), რძე, ყველი და კვერცხი (18.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18%), თევზეული (16%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 %), ხილი და ყურძენი (9.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით, რაც 2.4%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (28.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3%).

კომუნალური მომსახურების სექტორში სერვისი 11.9%-ით არის გაძირებული, რაც 1.75%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.9%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);

ჯანმრთელობის სექტორში ფასები მომატებულია 8.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.6%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (12.7%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.6%) ქვეჯგუფებზე.