ეკონომიკა
21/12/2022

ნიკოლოზ გაგუა: იპოთეკური ობლიგაციები სესხების გაიაფების ერთ-ერთი წყაროა

ბანკები იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ემზადებიან.

შესაბამისი კანონი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.  

იპოთეკური ობლიგაციები, ანუ იპოთეკით დაცული ობლიგაციები საქართველოს ფინანსური ბაზრისთვის ახალი ინსტრუმენტია. ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომლის უკან ბანკის მიერ იპოთეკური სესხის სახით გაცემული აქტივები დგას.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული მიმზიდველობა ლარის იპოთეკურ ობლიგაციებს ექნება. თემაზე მან გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე ისაუბრა. 

"შინაარსობრივად ეს უფრო დაცული ფასიანი ქაღალდია. სანდოობის რეიტინგით ის მთავრობის ფასიანი ქაღალდების შემდეგ, ალბათ, მეორე ადგილზეა. ყველა ქვეყანაში, სადაც ეს მიდგომაა გავრცელებული, უფრო ფართო ინვესტორთა ბაზაა. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მომხმარებელთა რიცხვი უფრო დიდია. მას მოიხმარენ როგორც საცალო კლიენტები, ასევე ფიზიკური პირები, საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტები, უცხოელი ინვესტორები. ეს ქართული ბანკებისთვის დამატებითი დაფინანსების წყაროა იმისთვის, რომ დააფინანსონ და გააიაფონ იპოთეკური სესხები. საბოლოო ჯამში კი მომხმარებლისთვის ეს დამატებითი ფინანსური რესურსია. ეს ინსტრუმენტი მოცულობით საკმაოდ დიდია. პირობითად, ჩვენი დღევანდელი ლარის ფასიანი ქაღალდები არის დაახლოებით 300-400 მილიონის ფარგლებში და ჩვენ ველოდებით, რომ მარტო იპოთეკით დაცული ობლიგაციების მოცულობა შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში უნდა იყოს 1.5-2 მილიარდის ფარგლებში. ამიტომ ეს კაპიტალის ბაზარზე პოტენციურად ძალიან დიდი დანამატია",- განაცხადა გაგუამ. 

მისივე განმარტებით, კაპიტალის ბაზრისთვის პოსტ-პანდემიური პერიოდი საკმაოდ აქტიური იყო. 

"დაახლოებით გაორმაგდა საჯარო ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 2022 წელს. დაახლოებით, 85%-ით გაიზარდა. ველოდებით, რომ 2023 წელს არანაკლებ ინტენსიური იქნება პროცესები და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი გაორმაგება ვიხილოთ",- აღნიშნა მან.