ეკონომიკა
23/02/2021

ნადარაია ლარის კურსზე: ნეგატიურ ფონზე შესაძლოა, მერყეობები იყოს

ეკონომისტები ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გამო მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის მერყეობას არ გამორიცხავენ. თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ რეზერვების გაყიდვის თვალსაზრისით ეროვნული ბანკის იმედი აქვს.

„პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, რა წინაპირობები გვქონდა ამ დრომდე. დეფიციტი ისევ დიდი გვაქვს, თუმცა საგარეო დაფინანსებაც არის. ასევე, რეზერვების გაყიდვის თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის იმედიც უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განწყობებზე პოზიტიურად არ მოქმედებს, თუმცა მარტო ამ ფაქტორის გამო ლარის გაუფასურებას არ ველი. შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გარკვეული მერყეობები იყოს, რადგანაც ნეგატიური ფონია. თუმცა, ვფიქრობ, რეაგირება ამაზეც იქნება. მართალია დეფიციტი დიდია, თუმცა დაფინანსებაც გვაქვს“,- თქვა ეკონომისტმა.

ნადარაიას უჭირს დაზუსტებით თქვას, რა ნიშნულზე იქნება ლარის კურსი მოკლევადიანი მერყეობის დროს, თუმცა ვარაუდობს, რომ ნიშნული 3.30-ის ფარგლებში იქნება. თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი აქვე არ გამორიცხავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას.

"მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ 2021 წელს ინფლაციის რისკები ისევ მაღალია. თუ ასეთი სცენარით განვითარდა მოვლენები, უფრო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ვფიქრობ, ვიდრე ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას. ძნელი სათქმელია ნიშნულები, თუმცა ალბათ ამ პერიოდში 3.30-ის ფარგლებში იტრიალებს“,- აღნიშნა ნადარაიამ.