ეკონომიკა
15/06/2023

"მუნიციპალიტეტებში გასულ წელს 75%-ით მეტი ფინანსური რესურსი შევიდა"

„გადასახადების დეცენტრალიზაციით მუნიციპალიტეტებში გასულ წელს 75%-ით მეტი ფინანსური რესურსი შევიდა,“- ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლიდან შემოსული დღგ-ს 19% მუნიციპალიტეტებში ნაწილდება. ამ ცვლილების განხორციელების პირველივე წელს კი მუნიციპალიტეტებში 100 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი გადანაწილდა.

„წელს დამატებით შევიდა ცვლილება და განისაზღვრა მინიმალური გასანაწილებელი თანხის ოდენობა, რომელიც მუნიციპალიტეტებს მიეცემათ. გადასახადების დეცენტრალიზაციით მუნიციპალიტეტებში გასულ წელს 75%-ით მეტი ფინანსური რესურსი შევიდა, ეს მაჩვენებლები არის ზრდადი და დაფუძნებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ვფიქრობ, წლეთან ერთად გაცილებით მეტი შემოსავალი მიემართება რეგიონებში,“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მზია გიორგობიანის განმარტებით, ასევე მუშაობა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა საგადასახადო დეცენტრალიზაციაზეც. 

„სახელმწიფო ქონებიდან მიღებული შემოსავალი მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის რეალიზაციის 90% დარჩება მუნიციპალიტეტში და მხოლოდ 10% იქნება ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართული. ამასთან, დეცენტრალიზაციის ფარგლებში განვიხილავთ საშემოსავლო გადასახადის განაწილებასაც. ამ მიმართულებით სხვადასხვა მექანიზმებს განვიხილავთ და წლის განმავლობაში გავაჟღერებთ დეტალებს,“-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.