"მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში პოზიციის გაუმჯობესება ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში დაგვეხმარება"
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ტრანსეროვნული კვლევითი ცენტრის - SolAbility-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესაბამისად, საქართველომ 2021 წლის მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსაციის მაჩვენებელში 8 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია.
მისი თქმით, ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებსა და ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის.
ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საერთაშორისო ინდექსაციებსა და კვლევებში საქართველომ ისევ კონკრეტული, ხელშესახები შედეგი აჩვენა, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას საერთაშორისო ასპარესზე, ხოლო მეორეს მხრივ, ქვეყანას პოსტპანდემიურ პირობებში ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში დაეხმარება.
"კვლევა ეფუძნება სხვადასხვა მიმართულებებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, როგორიცაა სერვისების მიწოდების ხარისხი, ბიზნესგარემო, კორუფციის მაჩვენებელი, ინფრასტრუქტურა, ფინანსური მდგრადობა, რაც, საერთო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყნის მომავალ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. ინდექსში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია შარშანდელთან შედარებით 8 ადგილით გაიუმჯობესა.
მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს. შეფასების 100%-იანი შკალით საქართველომ 62% აიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ავსტრალია, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ა.შ.
მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის, გაეროს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს ეფუძნება.