ეკონომიკა
07/08/2020

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - ეტაპები და დახმარებები

მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი III ეტაპი შეიმუშავა:

StopCov ფონდში მობილიზებული თანხებით, ოჯახების და მათი შვილების დასახმარებლად შემუშავებულია ახალი სოციალური პაკეტი - 17 წლის ასაკის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დახმარება.

კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება ზამთარშიც - 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი - დაფინანსებას მიიღებს ყველა ის ოჯახი, რომელიც მოიხმარს 200 კვ. საათამდე ელექტროენერგიას და 200 მ3-მდე ბუნებრივ აირს.

80 000-მდე თვითდასაქმებულს, ვინც ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაინც მიიღებს 300-ლარიან კომპენსაციას სექტემბრის დასაწყისამდე (170 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა დახმარება უკვე მიიღო).

150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის (2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 1125 ლარი, ხოლო 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 1 წლის (2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის) სწავლის საფასური - 2250 ლარი.

მესამე ეტაპამდე მთავრობამ 2 გეგმა შესთავაზა საზოგადოებასა და ბიზნესს:

პირველივე ეტაპზე, გადაუდებელი ღონისძიებების სახით, დაახლოებით 1.2 მლნ ოჯახს დაუფინანსდა 3 თვის კომუნალური გადასახადი, 600 ათას მოქალაქეს გადაუვადდა კომერციული სესხების გადასახადი, ხოლო ტურიზმის სექტორის კომპანიებს გადაუვადდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და სხვ.

ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი მოიცავდა კონკრეტულ დახმარებებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის, მათ შორის 1200-ლარიანი დახმარება მიიღეს მათ, ვინც დაკარგეს სამსახური, 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო თვითდასაქმებულებისათვის, ასევე კომპენსაციები (6 თვის განმავლობაში - 100 ლარი ყოველთვიურად) მიიღო სხვადასხვა მოწყვლადმა ჯგუფმა: შშმ პირები და შშმ ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები და სხვ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა სახის კომპენსაცია მიიღო 560 ათასზე მეტმა მოქალაქემ და კომპენსაციების გაცემა ჯერ კიდევ გრძელდება.

ხორციელდება მიზნობრივი მხარდაჭერის ანტიკრიზისული პროგრამები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და დეველოპერულ სექტორებში, რაც მთავრობის განმარტებით, ხელს უწყობს დარგების კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

Businesspartner