მთავრობა საპრივატიზაციოდ 30-მდე ობიექტს ამზადებს
ეკონომიკის სამინისტრო საპრივატიზაციოდ 30-მდე ობიექტს ამზადებს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, საქმე ეხება ისეთ ობიექტებს, რომელშიც სახელმწიფოს აქვს წილი.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ არ იგეგმება ისეთი სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია როგორიცაა რკინიგზა, ელექტროსისტემა, მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენები. "ამ მიმართულებით მიმდინარეობს კორპორატიზაციის პროცესი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. კორპორატიზაცია ნიშნავს რომ ეს კომპანიები უფრო გამჭვირვალე გახდება და შეძლებენ ფინანსური კაპიტალის ბაზარზე დაფინანსების მოპოვებას", - განაცხადა თურნავამ.
თურნავამ დაჩქარებული პრივატიზაციის შედეგებზე პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ისაუბრა და აღნიშნა, რომ 021 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტმა 290 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
"ეს მაჩვენებელი გვაქვს 12 დეკემბრის მონაცემებით, ეს ბევრად მეტია ვიდრე ჯამში 2019 და 2020 წლებში. შედარებისთვის 2019 წელს სულ მობილიზებული იყო 119 მლნ ლარი, 2020 წელს - 131 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ჯერ არ დასრულებულა და პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - განმარტა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პრივატიზაცია ეხება უმეტესად გაჩერებულ ობიექტებს, რომელთაც წლების განმავლობაში ვალებიც დაუგროვდათ. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კომპანიებისთვის მოიძებნოს კერძო მეპატრონე, რომელიც შექმნის ღირებულებას და შეძლებს ადამიანების დასაქმებას.
მთავრობამ სახელწიფო საწარმოების კორპორატიზაციის დაწყებაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დაიწყო საუბარი. პირველ წარმატებულ მაგალითად, ეკონომიკის მინისტრმა არაერთხელ დაასახელა სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომლის რეფორმირება 2018 წლიდან დაიწყო და საწარმო გაკონტრების რეჟიმიდანაც გამოვიდა. გეგმაშია ისეთი მსხვილი საწარმოების რეფორმირება, როგორიცაა მაგალითად "საქართველოს ფოსტა", "საქართველოს რკინიგზა" და სხვა. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა.