მთავრობა 4%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას არ აპირებს
მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას არ აპირებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.5%-მდე ზრდის მიუხედავად, 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევის გეგმა რეალისტურია.
„ეროვნულმა ბანკმა გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეს გარდაუვალი იყო. თუკი რამე არის მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის ახლა ესაა: ფასები და ლარის კურსი. ეს არის გამოწვევა და შესაბამისად, იმისთვის რომ ეკონომიკური ზრდა 4%-ზე შევინარჩუნოთ, მეტი მუშაობა გვმართებს.
სრულიად შესაძლებელია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ჩვენ 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. ამის ბერკეტები არის. ბერკეტებს შორის მოიაზრება მათ შორის ძალიან აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკა და ჩვენ თვის ბოლოს გამოვიტანთ ძალიან ბევრ ისეთ აქტივს, რომელიც უმოქმედოდ გვაქვს. მალე გვექნება დიდი პრეზენტაცია ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად ვაპირებთ, რომ მივაღწიოთ 4%-იან ეკონომიკურ ზრდას და ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის,“- აღნიშნა ნათია თურნავამ.