"მიმდინარეობს რუსთავისა და თიანეთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები" - ქარსელაძე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას არასახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, შარშან აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები, რის შედეგადაც დაიხურა წნორის არსებული ძველი ნაგავსაყრელი და მიმდინარეობს რუსთავისა და თიანეთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვის პროცედურები. ამ ეტაპზე, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან, დახურულია 25. დასრულდა 16 არსებული ძველი ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 11-ის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები.
გრძელდება მუშაობა 6 ახალი რეგიონული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ცენტრის მშენებლობისათვის, რომლის პარალელურად, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ძველი ნაგავსაყრელი.
მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება 2 ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ცენტრის მშენებლობისთვის. ახალ ობიექტებზე, გარემოსდაცვითი კუთხით, გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის, ნაჟური წყლის გამწმენდი „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ობიექტები მოემსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს. ასევე, 2022-2023 წლების განმავლობაში, კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს, ლანჩხუთსა და ქობულეთს გადაეცათ 110 ერთეული თანამედროვე სპეციალური ტექნიკა და 12,000-ზე მეტი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი.
გაწეული საქმიანობის შედეგად, „მყარი ნარჩენების კომპანიამ“ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 100%-ით შეასრულა, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 30.7 მილიონი შეადგინა. კომპანიის 2023 წლის სამი კვარტლის ბიუჯეტი 102%-ით არის შესრულებული.
,,ზემოთ აღნიშნული შედეგების მიუხედავად, პროექტების განხორციელების პროცესში, არსებობს სხვადასხვა ფაქტორით განპრობებული გამოწვევბი, რომელიც უკავშირდება საინჟირო-გეოლოგიურ, ტექნიკურ მიზეზებს, თუ კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. თუმცა, სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებები მიმართავენ მაქსიმალურ ძალისხმევას ამ გამოწვევების შესაბამისი გადაწყვეტებითა და ობიექტურ დროში დასაძლევად“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.