მარიამ ქვრივიშვილი - ინოვაციების ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას
„სტარტაპერებს ჰქონდათ საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელების შედეგად შეძლებენ შესთავაზონ ინოვაციური სერვისები სხვადასხვა სექტორში მომხმარებელს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს მთავრობა, ჩვენი სამინისტრო ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. გვჯერა, რომ ინოვაციების ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და დამატებით სარგებელს მოუტანს მის ეკონომიკას და ბიუჯეტს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე. სტარტაპერებს გამარჯვება ასევე მიულოცა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.
150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის რიგით მე-11 ეტაპზე 20-მა სტარტაპმა გაიმარჯვა. მათი განაცხადები საუკეთესო იყო 411 ინოვაციურ იდეას შორის. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
150,000 - ლარიანი თანადაფინანსების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა ათი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 195 სტარტაპი დაფინანსდა.