Logistics Solutions: სატერმინალო გადასახადი ასეთი ძვირი, არცერთ ქვეყანაში არ არის
საქართველოში ტვირთნაკადის ზრდის მოლოდინია.
რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ, ტრანზიტის კუთხით გაზრდილია შუა დერეფნის როლიც, რომელშიც საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.
გადამზიდავები საუბრობენ იმაზეც, რომ ქვეყანა იმ პოტენციალს, რომელიც გამოჩნდა, ვერ იყენებს. ამის მიზეზი კი ისაა , რომ გაზრდილ შესაძლებლობებს საქართველო ლოგისტიკური პრობლემებით შეხვდა.
როგორც Logistics Solutions-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ცანკაშვილი აცხადებს, საბაჟო გამტარ პუნქტებზე რიგების გარდა, მწვავედ დგას ხელმისაწვდომი ნავმისადგომების საკითხიც.
„ძალიან მოუმზადებლები შევხვდით ამ პოტენიალს, რაც შუა დერეფნის როლის ზრდამ მოგვიტანა. სამწუხაროდ, არც პორტები გვაქვს საკმარისი ზომის და არც სხვა ინფრასტრუქტურა. პრობლემებია პორტებში, ხელმისაწვდომი ნავმისადგომების პრობლემაა.
შესაბამისად, ვერ ხდება გემების დროულად დაცლა ან დატვირთვა. ამასთან, ტვირთნაკადი მომატებულია და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველგან არის რიგები, გვაქვს ვაგონების, ხარისხიანი გადამზიდების თუ სხვა სახის პრობლემები.“- აღნიშნა ირაკლი ცანკაშვილმა.
მისივე განმარტებით საქართველოში სატერმინალო გადასახადები არაადეკვატურად მაღალია.
„ჩვენი კორიდორი არის ძალიან ძვირი. ამხელა სატერმინალო გადასახადი მგონი, არცერთ ქვეყანაში არ არის. ტვირთების დამუშავებაც პორტებში ძალიან ძვირია. გვესმის, რომ მოთხოვნა მატულობს და იწვევს ფასების ზრდასაც, მაგრამ რაღაც ზომიერების ფარგლებში უნდა იჯდეს ეს ყველაფერი. აქაური არაადეკვატური სიძვირე იწვევს იმას, რომ ტვირთმფლობელი ალტერნატიული გზების ძიებას იწყებენ. ბოლოსდაბოლოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომიც დასრულდება და ეს ალტერნატივები აუცილებლად გამოჩნდება.“- აღნიშნა ირაკლი ცანკაშვილმა.