ეკონომიკა
13/09/2023

ლადო პაპავა: უკრაინაში სასურსათო ომიც მიმდინარეობს

აკადემიკოსი ლადო პაპავა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომთან ერთად მიმდინარეობს ცივი ომის ერთერთი ნაირსახეობა, სასურსათო ომი.

მისი განმარტებით, სასურათო ომის საფუძველი დაკავშირებულია ხობალთან, ხორბლის პრობლემა კი თავის მხრივ შიმშილთან, რადგან გლობალური სამხრეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პურს, როგორც ძირითად კვების პროდუქტს,

„უკრაინა ხორბლის ერთერთი სერიოზული ექსპორტიორი იყო, ხოლო რუსეთი ხორბალს იყენებს როგორც იარაღს. ზოგიერთ ქვეყანაში ექსპორტი გააძვირა, ზოგგან აკრძალა და დაბლოკილი აქვს უკრაინის პორტები. როცა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულია სანქციები მათაც შემოიღეს კონტრსანქციები. იყენებენ საკუთარ უპირატესობას მარცვლეულთან დაკავშირებით, ასევე აკონტროლებენ შავი ზღვის პორტებს.

თქვენ იცით, რომ ხორბლის საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი შეხვდა პუტინს და სამწუხაროდ ვერაფერზე ვერ მოილაპარაკეს. რაც შეეხება ალტერნატიულ გზას, უკრაინას ამ ნაწილშიც პრობლემები აქვს მთავარ პარტნიორთან, პოლონეთთან, შესაბამისად უკრაინა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ამ კუთხით ჩავარდნილი,"-აცხადებს ლადო პაპავა. 

მისივე განმარტებით, ინფლაციაზე ზემოქმედების საფრთხე რჩება.

„ნავთობის გაძვირების ტენდენცია უკვე წამოვიდა, ასევე ხორბლის საკითხი რჩება გადაუწყევეტელი. რადგან საქართველო ძირითადად იმპორტიორია ნავთობისაც და ხორბლისაც, ჩვენ მოგვიხდება ინფლაციის იმპორტი.“-აღნიშნა ლადო პაპავამ.