ლადო პაპავა სანქციებზე: საქართველო იმას აკეთებს, რაც საერთაშორისო სტანდარტებითაა გათვალისწინებული
აკადემიკოს ლადო პაპავას შეფასებით, საქართველო რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ზუსტად იმას აკეთებს, რაც საერთაშორისო სტანდარტებით და ხელშეკრულებებითაა გათვალისწინებული.
მან თემის შესახებ გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე ისაუბრა. პაპავას განმარტებით, ეს იმის საფუძელია, რომ სანქციების შეუსრულებლობაში ქვეყანა ვერავინ დაადანაშაულოს.
"საქართველო ყველა საერთაშორისო სტანდარტით დაზღვეულია, რომ ქვეყანაში არ გატარდეს სანქცირებული ტვირთები. ეს, რა თქმა უნდა, არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ის არის საერთაშორისო სტანდარტი. სულ ახლახანს "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი მასალა, რომ თურმე ამერიკული ელექტრონიკაც კი ხვდება რუსეთში. შვეიცარული ელექტრონიკაც ხვდება რუსეთში, ასევე ევროკავშირში დამზადებული. ესაა ელექტრონიკა, რომელიც სწორედ რუსული იარაღის წარმოებაში გამოიყენება. არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო ინფორმაცია, რომ ირანული დრონების შიგთავსის 82% არის ამერიკული. ეს საერთაშორისო სკანდალია. ირანიც ხომ სანქცირებული ქვეყანაა.
ძალიან კარგია, რომ საქართველო მიერთებულია ამ საერთაშორისო სტანდარტებს. ვერავინ წამოუყენებს ფაქტობრივ ბრალდებას, რადგან საქართველო აკეთებს ზუსტად იმას, რაც არის საერთაშორისო სტანდარტებითა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული. მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. აქეთ შეედავე, იქით შეგრჩებაო. დაახლოებით ამ რეჟიმში გვიწევს თავის მართლება, რომ ჩვენ არ ვართ რამეში დამნაშავე. ამავდროულად, ევრონიუსმა დადო ილინოისის უნივერსიტეტის კვლევა, თუ როგორ აგრძელებს თავის საქმიანობას 550 ამერიკული, დასავლეთ ევროპული, თუ იაპონური ფირმა რუსეთში. ეს სანქციებიც ხომ ხვრელებით არის სავსე. ეს ხვრელებიც ხომ ლეგალურია. მაგალითად, SWIFT-დან ბანკების გათიშვა არ შეეხო ყველა რუსულ ბანკს",- განაცხადა აკადემიკოსმა.
მისივე თქმით, არსებული ხვრელები სწორედ საერთაშორისო სტანდარტების ლაფსუსია.
"ჯერ ერთი, ყველა ქვეყანა არ მიერთებია სანქციებს. ჩვენი მეზობელი თურქეთი არ არის მიერთებული, რომელიც ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა. არც ისრაელი მიუერთდა. საჯაროდაც განაცხადა, რომ იარაღით არ დაეხმარება უკრაინას. რატომღაც, ჩვენგან ითხოვენ რაღაცას. მაშინ, როდესაც ჩვენ კარგად ვიცით, რომ ისრაელის სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკა. სანქციებს არ მიერთებია ჩინეთი, ინდოეთი, ეს ძალიან დიდი ბაზრის მქონე ქვეყნებია. რაც მთავარია, როდესაც თავად ევროკავშირი იღებს სანქციების სხვადასხვა პაკეტს, ეს ნიშნავს, რომ ყოველმა შემდგომმა პაკეტმა წინა ხვრელი უნდა შეავსოს. მაგრამ ახალ ხვრელსაც ხომ ტოვებს? სანქციები სრულყოფილი რომ ყოფილიყო, იქნებოდა ერთი პაკეტი და არანაირი მეხუთე, მეექვსე და ა.შ",- აღნიშნა მან.