ეკონომიკა
06/09/2023

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახურება"

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, საპროექტო სამუშაოები მოიცავს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ), სამიმოსვლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის დაპროექტებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

,,პროექტირების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მომსახურება. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც სატრანსპორტო ჰაბი - ლოგისტიკური და სამგზავრო გადაზიდვების თვალსაზრისით,"- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში - „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“ არის ასახული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას.

 

Businesspartner