ეკონომიკა
29/06/2022

"კრიტიკულ ფაქტორად რჩება რუსეთ-უკრაინის ომი" - სებ-ის პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარი

ეროვნული ბანკი კონსერვატიულობას ინარჩუნებს და ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4,5 %-მდე ამცირებს, ეს იმ ფონზე როდესაც საერთაშორისო თუ ადგილობრივმა საფინანსო ინსტიტუტებმა მოლოდინები დადებითი ნიშნულისკენ დააკორექტირეს და წელს ქვეყანაში 6-დან 10%-მდე ზრდას ელიან.

როგორც ეკოვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი "ბიზნესპარტნიორის" გადაცემაში აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ, მეორე კვარტალშიც პირველი კვარტალის მსგავსი მონაცემები დაფიქსირდება, სებ-ი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდის. 

"დეკემბერში გამოქვეყნებულ სცენართა შედარებით ახლა შემცირება ნამდვილად არის. დეკემბერში ვფიქრობდით, რომ ეკონომიკა წელს გაიზრდებოდა 5%-ით, შემდეგ დაიწყო საომარი მოქმედებები, ამის გამო ჩვენ შევამცირეთ მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის ტემპი 2%-3%-მდე. შემდეგ დავინახეთ რომ რეალურად ასეთი კლება მოსალოდნელი არ არის და ახლა ავწიეთ 4.5%-მდე. ეს მაჩვენებელი ეყრდნობა იმ მონაცემებს, რაც გამოაქვეყნა საქსტატმა პირველ კვარტალში. ამ შემთხვევაში ვფიქრობდით, რომ ასეთი ზრდის ტემპი აღარ გაგრძელდებოდა შემდეგ კვარტლებში. თუმცა, აპრილის წინასწარი მონაცემები საკმაოდ იმედისმომცემი იყო, მაგრამ ეს მაინც წინასწარი მონაცემებია. პროგნოზის გამკეთებელ სხვა ინსტიტუტებს უკვე მაისის მონაცემებიც აქვთ და ამაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენ, როგორც საჯარო ინსტიტუტი, ხშირად საქსტატის მიერ დათვლილ ფორმალურ მონაცემებს ვეყრდნობით. ახლა მხოლოდ პირველი კვარტალის მონაცემები გვაქვს. თუ დადასტურდება, რომ მეორე კვარტალიც ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც პირველი, ზრდის პროგნოზს გავზრდით. ამ ეტაპზე 7% საკმაოდ რალისტური ჩანს. მაგრამ, ჩვენ უნდა დაველოდოთ და ხელშესახებად დავინახოთ რიცხვები", - აღნიშნა დავით უტიაშვილმა. 

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, სამი სცენარი აქვს. 

"ერთია საბაზისო, რომელიც ყველაზე მოხდენადი სცენარია და მისი ალბათობა დაახლოებით 50%-ია. ასევე, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები. 

ახლა კოვიდპანდემიამ მეტნაკლებად ჩაიარა, ეკონომიკის ჩაკეტვა და სხვა ტიპის ღონისძიებები აღარ არის მოსალოდნელი. თუმცა, კრიტიკულ ფაქტორად რჩება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი. ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორია, რამდენ ხანში დასრულდება ეს ომი, რა გამძაფრება იქნება იქ, დამატებით რა ტიპის სანქციები იქნება შემოღებული, სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ აქტივობას, ინფლაციას. ეს ომი თუ ძალიან მალე დასრულდება, ამ შემთხვევაში გვექნება ოპტიმისტური შედეგი, თუ ეს გაიწელა და გამკაცრდა სანქციები, და ამან გავლენა იქონია რეგიონზე, ეს იქნება პესიმისტური სცენარი. ოპტიმისტური სცენარით ეკონომიკის ზრდა იქნება 6%, თუ პირველი კვარტალის მსგავსაც, მეორე კვარტალიც გამართლა, 6%-ზე მეტი იქნება. პესიმისტური სცენარით 3%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი", - განაცხადა დავით უტიაშვილმა.