ეკონომიკა
21/09/2023

კონკურენციის სააგენტო ICPEN-ის პარტნიორი გახდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი გახდა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მომუშავე 80-ზე მეტი ქვეყანის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს მთელ მსოფლიოში.

ICPEN-ში გასაწევრიანებლად აუცილებელი კრიტერიუმია წევრი ორგანიზაციების ხმების, წარდგინების მიღება, რაც საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, არასრული 1 წლიანი მუშაობის შედეგად უკვე მოიპოვა.

შესაბამისად, მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ვებგვერდზე - ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, თურქეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, საფრანგეთის და 80-მდე სხვა ქვეყნის გვერდით უკვე საქართველოც არის. (https://icpen.org/who-we-are)

ICPEN-ი აერთიანებს: წევრებს, პარტნიორებს და დამკვირვებლებს. მათ შორის, დამკვირვებლის რანგში წარმოდგენილნი არიან - UNCTAD, OECD, EUROPEAN COMMISSION და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიზანია - ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერება და პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაუმჯობესება.

მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელი (ICPEN) არის წარმატებულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ინტერაქციის საერთაშორისო პლატფორმა, რაც საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, ირაკლი ლექვინაძის  ხელმძღვანელობით, 3-6 ოქტომბერს, პოლონეთს ეწვევა და საერთაშორისო კონფერენციაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში პროგრესის შესახებ პრეზენტაციით წარდგება. საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყნის პოლონეთის მასპინძლობით იმართება.

 

Businesspartner