ეკონომიკა
06/10/2020

კერძო საპენსიო ფონდების განვითარება აუცილებელია - გიორგი მელიქიძე

კერძო საპენსიო ფონდების განვითარება კონკურენციის შესაქმნელად, აუცილებელია, - განაცხადა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულის" სტუმარმა, საპენსიო სააგენტოს უფროსმა და საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულება რაც მალე ამოქმედება, მით უფრო უკეთესი იქნება.

„არამარტო კერძო საპენსიო ფონდები, არამედ მნიშვნელოვანია ბაზარზე გაჩნდეს კერძო საინვესტიციო ფონდებიც,“ - აცხადებს მელიქიძე.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, სახელმწიფო საპენსიო ფონდის დაფუძნებამ კერძო საპენსიო ფონდების განვითარებას ხელი შეუშალა, ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა ასევე საგადასახადო ხელშეწყობის არარსებობა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო საპენსიო ფონდს მთავრობისგან იმხელა ხელშეწყობა აქვს, დანარჩენი საპენსიო ფონდების არსებობა ფაქტობრივად აზრს მოკლებულია. მისი თქმით, ამ დროისთვის კერძო საპენსიო ბაზარზე 2 სადაზღვევო კომპანია („ჯიპიაი ჰოლდნგი“ და „ალდაგი“) ოპერირებს.

როგორც ხეჩინაშვილი აცხადებს, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომლის შედეგადაც შეიქმნება კერძო, ნებაყოფლობითი რეჟიმი, სადაც თავს მოიყრის საპენსიო შენატანები.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კერძო საპენსიო დაზღვევას ახორციელებს 3 არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი (მათ შორის 2 სადაზღვევო ორგანიზაცია).

საპენსიო ხელშეკრულებების მიხედვით მონაწილეთა რაოდენობა:

  • 2020 წლის 30 ივნისისთვის - 15,880
  • 2019 წლის 30 ივნისისთვის - 16,046
  • 2018 წლის 30 ივნისისთვის - 22,333

საპენსიო სქემაში განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა:

  • 2020 წლის 6 თვეში - 2,282,120
  • 2019 წლის 6 თვეში - 1,987,042
  • 2018 წლის 6 თვეში - 3,210,310

საპენსიო ფონდების ჯამური მოცულობა:

  • 2020 წლის 30 ივნისისთვის - 19,428,171
  • 2019 წლის 30 ივნისისთვის - 16,307,932
  • 2018 წლის 30 ივნისისთვის - 26,250,507