ეკონომიკა
18/04/2023

ქართველი მეზღვაურების შრომა უფრო დაცული გახდება - ახალი კანონი 2024 წლიდან ამოქმედდება

საქართველოში მეზღვაურის შრომა უფრო დაცული გახდება. საკანონმდებლო ორგანოში, მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები, მათ შორის კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ განიხილეს. კანონპროექტის ავტორების თქმით, კანონი მისი ამოქმედების შემდეგ, გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განუცხადა, საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე ყველა მეზღვაური უნდა სარგებლობდეს კარიერული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების შესაძლებლობით, ყოველგვარი საზღაურის გარეშე, - ეს არის მთავარი პუნქტი იმ კანონის, რომელიც პარლამენტში განიხილეს.

„კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემებზე, მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს, ასევე, საკრუინგო  საქმიანობის განმახორციელებელი პირის, ან გემთ მფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს. აღსანიშნავია, რომ „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ კანონი შემუშავებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ და ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, კანონის მიღების შედეგად, მოხდება მეზღვაურთა შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული დებულებების ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას, ასევე საქართველოს სახელწმიფო დროშის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე ინფორმაციით, კანონში, რომელიც სავარაუდოდ 2024 წლიდან ამოქმედდება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, მეზღვაურების დასაქმების პროცესში, მათ მიერ გაღებულ ხარჯებზე. კერძოდ, კანონის მიხედვით, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მეზღვაურის დასაქმებისთვის არ მოითხოვოს ირიბად ან პირდაპირ საფასური, სავიზო მოსაკრებლების ჩათვლით, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც მოეთხოვება მეზღვაურს პირადი სამგზავრო დოკუმენტების მისაღებად.

„ახალი კანონი აღკვეთს მეზღვაურის შრომითი ექსპლუატაციის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის, ავანსის გაცემის ან სხვა ფინანსური გარიგებებიდან. ყველა ხარჯი, რომელიც შეიძლება მეზღვაურმა გასწიოს დასაქმების პროცესში, უნდა იყოს საჯაროდ გამოქვეყნებული“, - განმარტა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

როგორც თამარ იოსელიანი ამბობს, საქართველოში მეზღვაურის პროფესიის მიმართ ინტერესი მუდმივად მზარდია. მაგალითისთვის, თუ 2012 წლამდე ქვეყანაში 8000 მოქმედი მეზღვაური იყო , დღეს მათი რიცხვი 17 ათასს აღემატება. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელიც 31 პროცენტითაა გაზრდილია. ქართველი მეზღვაურებისთვის დღეისათვის გახსნილია 70 დასაქმების ბაზარი, მათ შორის 20  ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

Businesspartner