"ქართველებს პრაქტიკაში მაინც ნაკლებად გვაქვს ელექტრონული კომერციის გამოყენების ტრადიცია"
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
მცირე საწარმოებს შედარებით დაბალი აქვთ იმის ფინანსური რესურსი, რომ ვებ-გვერდებში ინვესტიცია გააკეთონ და ამ მიმართულებით განვითარდნენ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მარიამ ჩახვაშვილმა - Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა განუცხადა.
მან საქართველოში მიმდინარე ელექტრონული კომერციის რეფორმა შეაფასა და ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, ჯერჯერობით, დარგი ნელი ტემპით ვითარდება.
„ელექტრონული კომერცია უნდა ჰქონდეთ იმ საწარმოებს, რომლებიც არიან საცალო ვაჭრობაში. თავად საცალო ვაჭრობაში კი დიდია მცირე საწარმოების წილი. ამ მცირე საწარმოებს შედარებით დაბალი აქვთ იმის საშუალება, რომ ვებ-გვერდში ინვესტიცია ჩადონ და ამ მიმართულებით განვითარდნენ.
დღეისთვის, საცალო ვაჭრობა მცირე მეწარმეების მხრიდან მაინც ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს, ვინაიდან, ვებ-გვერდის ქონა დაკავშირებულია გარკვეულ ბიუჯეტთან, უნდა გქონდეს გარკვეული სახსრები იმისთვის, რომ საიტი მოაწესრიგო. ამაში იგულისხმება პროდუქტების ატვირთვა, მოწესრიგება, ისიც, რომ მარაგების რაოდენობა ყოველთვის სწორად იყოს მითითებული, ფასები იყოს განახლებული… ამას ყველაფერს ცალკე ადმინისტრირება სჭირდება, ანუ ცალკე ადამიანური რესურსი და ცალკე ტექნიკური მხარდაჭერა, რისი შესაძლებლობაც, როგორც უკვე აღვნიშნე, მცირე საწარმოებს არ აქვთ“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარების შემაფერხებელ კიდევ ერთ ფაქტორად გამოცდილებაც დაასახელა.
„მართალია, პანდემიამ ეს ნაწილი დააჩქარა, ყველა სახლში დაჯდა, თვითონ საიტებსაც მოუწიათ მეტად დახვეწა, ადამიანებიც შეეჩვივნენ ამას, თუმცა, ქართველებს პრაქტიკაში მაინც ნაკლებად გვაქვს ელექტრონული კომერციის გამოყენების ტრადიცია“, - განმარტა ჩახვაშვილმა.
მესამე ფაქტორი, რომელიც Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა გამოყო, არის საკვების გადამზიდავი კომპანიები.
„საკვების გადამზიდავმა კომპანიებმა საქართველოში შეითავსეს სხვა ტიპის ელექტრონული კომერციის ნაწილი, მათ შორის, მაღაზიის ელექტრონული კომერცია და გარკვეული სახის პროდუქტების ელექტრონული კომერციაც. ეს პლატფორმა უფრო მოხერხებული გახდა მომხარებლისთვის - ისინი ერთ სივრცეში ნახულობენ ყველაფერს. ეს პლატფორმა უფრო გამოცდილი, დახვეწილი და მომხმარებლისთვის მარტივი გამოსაყენებელია. საკმაოდ მზარდია ამ საკურიერო მომსახურებების გამოყენება და ჩვენ ქვეყანაში მუშაობა უფრო ამ კუთხით წავიდა.
ასევე, ელექტრონული კომერციის ნაწილში გაზრდილია შავი ბაზრის წილი, რომელიც რთული დასათვლელია, მაგალითად ფეისბუქ ჯგუფები, რასაც ვერანაირ რეგულაციაში და ვერანაირ სტატისტიკაში ვერ ვხედავთ. ალბათ, მათ თუ რაღაც გამარტივებული რეგულაციები ექნებათ ან წახალისებები, შეიძლება ის ფიზიკური პირებიც, რომლებიც ფეისბუქ ჯგუფებით ვაჭრობენ, გადავიდნენ და ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ მარიამ ჩახვაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში არსებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში საბაზისო ციფრული ინტენსივობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მაგალითად, ქვეყანაში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების მხოლოდ 9%-ს აქვს დახვეწილი ფუნქციონალის მქონე ვებგვერდი მაშინ, როდესაც ევროკავშირის ანალოგური მაჩვენებელი 63%-ს შეადგენს.
თუმცა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში ელექტრონული კომერციის რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ელექტრონული კომერციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს მიღება წარმოადგენს.
პარლამენტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სამი მოსმენით უკვე მიიღო და ამით განისაზღვრა შუალედური მომსახურების მიმღებთა უფლებები და მოვალეობები, ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმების წესები, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლისა და მიმღების საქმიანობის პრინციპები და სხვა.