კახა გოგოლაშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთი ყველა სანქციას აამოქმედებს
რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი კახა გოგოლაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ უკრაინაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს და მოლოდინებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, დააპირებს თუ არა რუსეთი მთლიანად დონბასის ოკუპირებას.
"ყველაზე უფრო სახიფათოა, თუ მოინდომებს მარიუპოლის აღებას, როგორც ეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში გააკეთა.
ამ დროს უკვე უკრაინულ ჯარებს დაუპირისპირდება, რადგან ისინი პოზიციებს არ დათმობენ" - განმარტავს მკვლევარი.
გოგოლაშვილის ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში უკვე დიდია შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უპასუხებს მსოფლიო რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ უნდა ამუშავდეს ყველა ის სანქცია, რომელსაც რუსეთს დასავლეთი ჰპირდებოდა.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ ასე მოხდება რადგან თუ რუსეთი გაჩერდება იქ, სადაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გადის, მინსკი 2 და მინსკი 1-ის შეთანხების შესაბამისად, შეიძლება მთლიანი სანქციები არ გამოიყენონ და მისი დაწესება მსუბუქი ვარიანტიდან დაიწყონ. დასავლეთს არ უნდა რუსეთის პროვოცირება მოახდინოს და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შევიდეს. აქ შეიძლება გარკვეულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი, თუმცა, დიდია იმის ალბათობაც, რომ რუსეთმა მოინდომოს მარიუპოლის აღება, რომ დონეცკს და ლუგანსკს აზოვის ზღვაზე გასასვლელი ჰქონდეს“ - აცხადებს გოგოლაშვილი.
კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა მსოფლიო ამერიკის და ევროპის მხრიდან იმაზე დიდ და მასშტაბურ სანქციებს, ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გუშინდელი სანქციებია, გოგოლაშვილი განმარტავს, რომ თუ რუსეთი არ მოახდენს უკრაინაზე კიდევ შეტევას, მაშინ სანქციები დიდი ალბათობით არ გაიზრდება.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იქნება რუსეთისთვის აღნიშნული სანქციების დაწესება შემაკავებელი ფაქტორი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი აცხადებს, რომ რუსეთი ახლა ზუსტად იმაზეა ორიენტირებული, რომ ლუგანსკის და დონეცკის ოკუპაცია შერჩეს და ჩრდილოეთ ნაკადიც ამუშავდეს.
„რუსები ახლა დასავლეთთან მოლაპარაკებას დაიწყებენ, იტყვიან, რომ უკრაინაში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შევიდნენ. ისინი ალბათ გააცხადებენ, რომ უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას ხელს არ მოკიდებენ, ომში არ შევლენ. ისევე როგორც უკრაინას, ახლა დასავლეთს ომი ყველაზე ნაკლებად სჭირდება. თითქოს შეეგუვნენ კიდეც, რომ ლუგანსკის და დონეცკის ნაწილი დეფაქტოდ დაკარგული იყო. ამიტომ აქ პრიორიტეტი იქნება რუსეთთან დიალოგი გაგრძელდეს. რუსეთიც ამაზე ითამაშებს, წავა დასავლეთთან, ჯარს დატოვებს იქ, სადაც შეიყვანა და აღარ გააგრძელებს შეტევას. დასავლეთი ამ დროს ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის ამუშვებას უფლებას მისცემს. ასეთ სცენარს ვხედავ მე,“ - აცხადებს გოგოლაშვილი.
რა გავლენა ექნება სამეზობლოდ განვითარებულ მოვლენებს საქართველოზე, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ თუ მასშტაბიან ომში გადაიზარდა ეს ყველაფერი, ძალიან დიდი გავლენა ექნება. როგორც მინიმუმ, მოსალოდნელია დაიბლოკოს ჩვენი პორტები, ვგულისხმობ, ფოთს და ანაკლიას.
„თუ ნატოს მხრიდან იქნება პრეტენზია, მაშინ შეიძლება საერთოდ ოკუპირება მოახდინონ. ამის თქმის უფლება 2008 წლის გამოცდილება გვაძლევს. თუ ომში არ გადაიზარდა, გავლენა მაინც ექნება, თუმცა, ბევრად მცირე. კომპანიების ინდექსებზე და საინვესტიციო გარემოზე ეს უკვე მოქმედებს, რეგიონის ჭრილში თუ განვიხილავთ. ჩვენთან ჯერ გაურკვევლობაა და ესეც იმოქმედებს,“ - აცხადებს გოგოლაშვილი.
მისივე განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია საქართველო დადგეს თავისი პარტნიორების მხარეზე და მოიქცეს ისე, როგორც ისინი ურჩევენ.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ განსაზღვრული სანქციების განკარგულებას ხელი მოაწერა.
თეთრი სახლის თანახმად, ხელმოწერილი განკარგულება კრძალავს ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ აშშ-ის მოქალაქეების მიერ ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს.