ივლისში FAO-ს ფასების ინდექსი მარცვლეულისა და რძის პროდუქტების ხარჯზე გაიზარდა
FAO-ს ფასების ინდექსი ივლისში 2.4%-ით გაიზარდა და 94.2 ქულა შეადგინა. მაჩვენებელი 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 1%-ით აღემატება.
ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.
ივლისში, მცენარეულის ზეთზე ფასები, წინა, ივნისის, თვესთან შედარებით 7.6%-ით გაიზარდა და ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის მიზეზად, პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა და ზეთის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები სახელდება.
1.4%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, საწარმოო პროცესის შენელებამ და ტაილანდში, გვალვის გამო შემცირებულმა მოსავალმა.
ივლისში 3.5%-იანი ფასების ზრდა, რძესა და რძის ყველა პროდუქტს შეეხო მათ შორის: კარაქს, ყველს და რძის ფხვნილს.
ივნისთან შედარებით, 1.8%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი და ის წინა წლის ამავე პერიოდს მაჩვენებელს 9.2%-ით ჩამორჩება. საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას, ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ. რაც შეეხება ფრინველის ხორცს, ბრაზილიაში შექმნილმა საწარმოო დეფიციტმა, რის მიზეზადაც ფრინველის საკვებზე გაზრდილი ფასები სახელდება, ფრინველის ხორცზე ფასები გაზარდა.
მიუხედავად სიმინდისა და სორგოზე ფასების მკვეთრი ზრდისა, ივლისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. აღნიშნულ ორ კულტურაზე ფასების ზრდის მიზეზად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთი მიერ განხორციელებული მსხვილი შესყიდვები მოიაზრება. რაც შეეხება ბრინჯს, გამორჩეულად უხვი მარაგების გამო, ივლისში ბრინჯის ფასების ინდექსი შემცირდა.