ეკონომიკა
15/03/2023

ივა ჭყონია: სურსათზე ქვედა ან ზედა ზღვრის დაწესება არ განიხილება

მთავრობა სურსათის ფასების შემცირებისა და სტაბილურობის მიზნით, ახალ კანონზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირის 2019 წლის 633-ე დირექტივის შესაბამისად უნდა მომზადდეს.

კანონპროექტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, დოკუმენტის მიზანი არა ფასების რეგულირება, არამედ სტაბილურობის მიღწევაა.

„ISET-მა საკმაოდ სიღრმისეული კვლევა მოამზადა და ცალსახად გამოიკვეთა, რომ ფასების კონტროლი დაუშვებელია. თუმცა, აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, სამივე მინისტრთან. იქ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ სურსათზე რაიმე ქვედა ან ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

განიხილება მხოლოდდამხოლოდ ევროკავშირის 2019 წლის 633-ე დირექტივა. მხოლოდ ამის გარშემო მოხდება კანონპროექტის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში მისაღები იქნება როგორც რითეილ სექტორისთის ისე სსადისტიბუციო-იმპორტიორი კომპანიებისთვის. იმაზე რომ სურსათის ფასების რეგულირება განიხილებოდეს, არ ყოფილა საუბარი.“-აღნიშნა ივა ჭყონიამ.

მისივე თქმით, სურსათის ფასების სტაბილიზაციისკენ მიმართული კანონპროექტის არსებობაში რისკები არ არსებობს.

„გრძელვადიან პერიოდში კანონის მიღების შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ბაზარზე სტაბილური ფასები მივიღოთ. რადგან ორ კერძო სუბიექტს შორის დასტაბილურდება სიტუაცია. შესაბამისად, ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ,“-განმარტა ივა ჭყონიამ.

ცნობისთვის ISET-მა ფასების კონტროლის მოსალოდნელი შედეგები მიმოხილა. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონპროექტით, რომელზეც მთავრობა მუშაობს, სურსათის დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს, შესაძლოა ოფიციალურად არ ეკრძალებოდეთ მათთვის სასურველი ფასების დაწესება, თუმცა „ირიბი მინიშნება“ ფასის შემცირების აუცილებლობაზე, მაინც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა იყენებს ფასების კონტროლის ინსტრუმენტს ბაზრის დასარეგულირებლად.

ორგანიზაციის განმარტებით, ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას.

გარდა ამისა, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება. გამყიდველებს შეუძლიათ ფასის გაზრდის ნაცვლად კანონს თავი აარიდონ ხარისხის შემცირებით

Businesspartner