ეკონომიკა
23/03/2023

ივა ჭყონია: დისტრიბუტორებისთვის 500-ზე მეტი ადგილის გამოყოფას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება

ოთხი თვეა გასული, მას შემდეგ რაც მერია დისტრიბუტორებს 550 საპარკინგე სივრცის გამოყოფას დაპირდა.

ბიზნესის ინფორმაციით, დაპირებულიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე ათეული საპარკინგე სივრცეა გამოყოფილი. თუმცა კომპანიები სრულფასოვნად ვერც ამ ადგილებით სარგებლობენ, რადგან შესაბამისი მინიშნებები დამონტაჟებული არ არის.

“პროცენტებში რომ გადავიყვანოთ, საპარკინგე ადგილების პრობლემის 3%-ია ალბათ, მოგვარებული. დაახლოებით 60 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი, რომლითაც სარგებლობა კომპანიებს არც შეუძლიათ, რადგან შესაბამისი მანიშნებლები არ არის განთავსებული.“- აღნიშნავს ივა ჭყონია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის განმარტებით, დაპირებული 500-ზე მეტი ადგილის გამოყოფას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება.

„ჩვენ გვქონდა მერიასთან აქტიური კომუნიკაცია. ამ ეტაპისთვის რაც მივიღეთ, ის არის რომ ყოველკვირეულად ხდება მხოლოდ რამდენიმე საპარკინგე ადგილის გამოყოფა. დაპირებული ადგილების სრულად გამოყოფას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება. ეს ორი წელი კი საკმაოდ მძიმე იქნება და ნეგატიურდ აისახება ფასებზე, თუ კომპანიებს ამ კოლოსარული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, რაც დამერწმუნეთ, რომ დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი,“-აღნიშნა ივა ჭყონიამ.

მისივე განმარტებით, კომპანიებს პარკირების წესების დარღვევებისთვის ათასობით ლარის ჯარიმა მისდით.

„არის შემთხვევები როცა კომპანიას ჯარიმების სახით 8 ათასი ლარიც გადაუხდია,“- აღნიშნავს ივა ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში დისტრიბუტორებისთვის საპარკინგე სივრცეების გამოყოფასთან დაკავშირებით თბილისის მერმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა. მაშინ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში 550 სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს უნდა დათმობოდა.

Businesspartner