ეკონომიკა
11/09/2023

"ისეთი არბიტრაჟი, სადაც მომხმარებლის უფლებები არის დაცული, სჭირდება თავად ბიზნესსაც"

"საქართველოში არბიტრაჟს აქვს გარკვეულწილად ცუდი ისტორია, წლების წინ, ძალიან ხშირი იყო, როდესაც ხდებოდა პროცესის ბოროტად გამოყენება არაკეთილსინდისიერი არბიტრების, თუ მეწარმეების მხრიდან.  ჩვენ უკვე წლებია ამის წინააღმდეგ ვმუშაობთ და ასეთი ფაქტები შემცირებულია", -  ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში "გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში", რომელიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდამჭერით ხორციელდება, საქართველოს არბიტრთა ასოციაცის საბჭოს თავმჯდომარემ ჯაბა გველებიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საარბიტრაჟო რეფორმის ერთ-ერთი მიზანი, რომელზეც საქართველოს არბიტრთა ასოციაცია მუშაობს, არის ის, რომ შემცირდეს იმის შესაძლებლობა, ბიზნესმა ბოროტად გამოიყენოს საარბიტრაჟო დავისთვის მიმართვის საშუალება, რათა თავი აარიდოს სასამართლოს და დაარღვიოს მომხარებლის უფლებები.

„ისეთი არბიტრაჟი, სადაც მომხმარებლის უფლებები არის დაცული, სჭირდება თავად ბიზნესსაც. ამას ადასტურებს ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევაც „არბიტრაჟის პრაქტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესების შესახებ“, რომელიც მიეძღვნა საქართველოში არბიტრაჟის პრაქტიკის ხარისხობრივ ანალიზს, სწორედ სამომხმარებლო არბიტრაჟზე აქცენტით. გამოიკვეთა, რომ ბიზნესის მხრიდანაც არის მზაობა სამომხმარებლო არბიტრაჟის გამოყენების ისეთ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა მაქსიმალურად თავიდან არიდებულია. მაგალითად, სამომხმარებლო არბიტრაჟის ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელი საქართველოში არის ფინანსური სექტორი და მათი განათლების და პასუხისმგბელობის ხარისხი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება“, - განმარტა ჯაბა გველებიანმა.

მან „პოდკასტში“ არბიტრის ფუნქციებზეც ისაუბრა. „კანონი განსაზღვრავს, რომ არბიტრი იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მხარეებს მოეპყრას თანასწორად, - ეს ყველაფერი კანონში წერია პრინციპების დონეზე. რაც შეეხება დამატებით კიდევ რა არეგულირებს არბიტრის ქცევის წესს, თითქმის უმეტესობა არბიტრაჟების მიმდინარეობს სხვადასხვა კერძო ინსტიტუტების წესების შესაბამისად. ანუ, არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც მხარეებს ეხმარებიან, რომ დავა-არბიტრაჟი წარმართონ, მათ აქვთ შემუშავებული წესები, რასაც ჰქვია საარბიტრაჟო წარმოების წესები და ეს წესები განავრცობენ კანონის მოთხოვნას. თუმცა ეთიკური ვალდებულებების დაცვის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია არბიტრთა ეთიკის კოდექსი, რომელიც ჩვენი ასოციაციის შემუშავებულია.

ეს ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს დეტალურ ეთიკურ ვალდებულებებს, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს არბიტრმა. ჩვენი ასოციაციის ფარგლებშივე, არსებობს ეთიკის კომისია რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ასოციაციის ნებისმიერი წევრი თუ იქნება არბიტრი დავის განხილვის დროს და რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ დაარღვია ასოციაციის წევრმა ეთიკური ნორმები, მას შეუძლია მომართოს ჩვენს ეთიკის კომისიას და ეთიკის კომისია იმსჯელებს არბიტრის პასუხისმგებლობის საკითხზე.

ეს მიდგომაც ასევე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო არ არის არბიტრის მაკონტროლებელი და პროცესში თვითონ არ ერევა, დამოუკიდებელი ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, საერთაშორისო დონეზე, ეთიკურ სტარნდარტებს აქვეყნებენ.  მთავარი, რასაც ეყრდნობა არბიტრაჟი ზუსტად ამ ეთიკური ნორმების დაცვაა, არბიტრს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ტიპის ურთიერთობა რომელიმე მხარესთან, რაც მის დამოუკიდებლობას შეუშლის ხელს“, - აღნიშნა საქართველოს არბიტრთა ასოციაცის საბჭოს თავმჯდომარემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ჯაბა გველებიანმა ყურადღება გაამახვილა, სახელმწიფოს როლია. მისი განცხადებით,  არბიტრაჟი არ არსებობს სახელმწიფოს გარეშე.

„არბიტრაჟი ეს არის დავის მოგვარების კერძო საშუალება, როდესაც კერძო პირებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ ვინ უნდა იყოს დავის გადამწყვეტი პირი, ანუ არბიტრი, იგივე მოსამართლე, როგორი უნდა იყოს პროცედურა დავის გადაწყვეტის, რამდენ ხანში უნდა დასრულდეს, რა უნდა იყოს გადასახადი ამ ყველაფრის და ა.შ ანუ, ეს არის დავის მოგვარების თავისუფალი სისტემა, რომელიც არის სასამართლოს ალტერნატიული და თუ მხარეები ხელშეკრულებაში შეთანხმდებიან, რომ დავა არბიტრაჟში გადაწყდეს, მაშინ მას სასამართლო აღარ განიხილავს.  თუმცა, იმისთვის რომ დავის მოგვარების კერძო სისტემა იყოს აღსულებადი და საბოლოო ჯამში მიზანი იქნეს მიღწეული, რომ გადაწყვეტილებები შესრულდეს, ამისთვის არსებობს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, კერძოდ ის, რომ სასამართლოები ახორციელებენ ცნობა - აღსრულებას საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, და იმის უზრუნველყოფას, რომ კანონით დადგენილი ჩარჩო და ძირითადი მოთხოვნები და გარანტიები იქნეს შესრულებული.

რეალურად, არბიტრაჟი, მედიაცია, სასამართლო, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ადამიანებმა და ბიზნესმა უზრუნველყოს მართლმსაჯულებაზე წვდომა. ანუ, იმისთვის გვაქვს ეს მექანიზმები, რომ საბოლოო ჯამში, გვქონდეს საშუალება, რომ საკუთარი უფლებები დავიცვათ ეფექტურად. მაშინ, როდესაც არბიტრაჟი არის სრულიად კერძო პროცესი, მას არ აკონტროლებს სახელმწიფო, არ არსებობს არბიტრების სავალდებულო რეგისტრაცია. ეს არის აბსოლუტურად კერძოდ შექმნილი პროცესი, აუცილებელია რომ რაღაც ეტაპზე, სახელმწიფოს რომელიღაცა ორგანომ და ამ შემთხვევაში, სასამართლომ, აკონტროლოს იმ ძირითადი პრინციპების დაცვა, რაც აუცილებელია, რომ ჩვენ პროცესს ვუწოდოთ სამართლებრივი და სამართლიანი.

მაგალითად, ის, რომ არბიტრი აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორივე მხარისგან, ის რომ პროცესის დროს აუცილებლად მხარეებს უნდა მიეცეთ საკუთარი პოზიციის წარმოჩენის თანაბარი შესაძლებლობა, ეს არის აუცილებელი პროცესუალური გარანტიები და თუ საარბიტრაჟო პროცესი ამ გარანტიების დარღვევით წარიმართა, მაშინ სასამართლო იმისთვის არის, რომ ასეთი გადაწყვეტილებების ცნობაზე უარი თქვას. ან მაგალითად, გადაწყვეტილება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს. ზუსტად ამისთვის არის საჭირო სასამართლო და ცნობა-აღსრულების ეტაპი, რაც შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, არბიტრაჟის გარკვეულწილად სახელმწიფო კონტროლის კუთხით“, - განმარტა გველებიანმა.

მან საქართველოს არბიტრთა ასოციაცის საქმიანობაც მიმოიხილა და განაცხადა, რომ 10 წელზე მეტია ეს ორგანიზაცია არსებობს და საქმიანობს.

„ეს არის ერთადერთი კერძო ინიციატივაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია არბიტრაჟის განვითარება, არბიტრთა პროფესიული ზრდა და სფეროს ხელშეწყობა საქართველოში. ჩვენ ვართ აბსოლუტურად არასამეწარმეო მიზნით მოქმედი ორგანიზაცია, ვაერთიანებთ ასამდე წევრს და ვმუშაობთ საქართველოში არბიტრაჟის განვითარებაზე“, - აღნიშნა გველებიანმა.   

შეგახსენებთ, საქართველოში არსებობს "არბიტრაჟის შესახებ კანონი", რომელიც დავის არბიტრაჟით მოგვარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. კანონი მომზადებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შემუშავებული მოდელური კანონის საფუძველზე და საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს.

 

Businesspartner