ეკონომიკა
15/03/2023

ISET: ფასების კონტროლი საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს იწვევს

ISET-მა ფასების კონტროლის მოსალოდნელი შედეგები მიმოხილა. საუბარია მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ კანონპროექტზე, რომელმაც სურსათის ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს.

ISET-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონპროექტით, რომელზეც მთავრობა მუშაობს, სურსათის დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს, შესაძლოა ოფიციალურად არ ეკრძალებოდეთ მათთვის სასურველი ფასების დაწესება, თუმცა „ირიბი მინიშნება“ ფასის შემცირების აუცილებლობაზე, მაინც ნიშნავს იმას, რომ მთავრობა იყენებს ფასების კონტროლის ინსტრუმენტს ბაზრის დასარეგულირებლად.

ორგანიზაციის განმარტებით, ფასების კონტროლს რამდენიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხშირად იწვევს საქონლისა თუ მომსახურების დეფიციტს, რადგან ფასი ხელოვნურად ეცემა რაც ქმნის ჭარბ მოთხოვნას.

გარდა ამისა, ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლის ან მომსახურების ხარისხის შემცირება, რადგან მწარმოებლებმა შესაძლოა დაიწყონ ხარჯების შემცირების გზების ძიება.

გამყიდველებს შეუძლიათ ფასის გაზრდის ნაცვლად კანონს თავი აარიდონ ხარისხის შემცირებით.

ISET-ში მიაჩნით, რომ სურსათის ფასების ზრდის დაძლევა რთული ამოცანაა. სურსათის ფასების სტაბილიზაციისა და ბაზარზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად კი მათი შეფასებით, შესაძლოა რამდენიმე ალტერნატივის განხილვა:მაგალითად, კონკურენციის ზრდა, სასაწყობე და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ბაზრის გამჭვირვალობის ხელშეწყობა და სხვა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ახალი კანონპროექტი, რომელმაც მოგების მარჟისა და ფასების შემცირება უნდა გამოიწვიოს, ცოტა ხნის წინ დააანონსა.

კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მოამზადოს. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, კანონპროექტი მუშავდება ევროკავშირის 2019 წლის 633-ე დირექტივის შესაბამისად, რომელიც ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Businesspartner