ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას გვპირდება
პრემიერობის კანდიდატი ღარიბაშვილი ქვეყნის განვითარების ახალ გეგმას მომდევნო 100 დღეში წარადგენს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყანა 30 წელია ერთ წრეზე ტრიალებს, ამიტომ „გარღვევა“ აუცილებელია.
ღარიბაშვილი ამბობს, ეკონომიკა და პოლიტიკა უნდა გახდეს პროგნოზირებადი, თითოეულმა ადამიანმა, ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ ცხოვრობს სტაბილურ გარემოში და „ხვალინდელი დღე იქნება დღევანდელზე უკეთესი“.
„დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესისადმი თანადგომა გახდება სამთავრობო პროგრამის ქვაკუთხედი. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იკისროს მთავარი ტვირთი პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის და სამუშაო ადგილების გადასარჩენად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატი, როგორც ჩანს, არ იზიარებს ეკონომიკურ თეორიაში ფართოდ დანერგილ ბაზრის „უჩინარი ხელის“ კონცეფციას, განსაკუთრებით არსებული ვითარების გათვალიწინებით. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ფასადური მითების დანგრევა უნდა მოხდეს, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, მათ შორის, არასწორია მიდგომა, რომ პროცესები თვითდინებაზე უნდა მივუშვათ.
„ასეთი მითი არის სუსტი სახელმწიფოს იდეა, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის „უხილავი ხელი“ თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმ კონტექტს, რაც დღეს ქვეყანასა და მსოფლიოშია შექმნილი. ვფიქრობ, პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცენდენტი ისტორიამ არ იცის, არ არსებობს. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა. ვფიქრობ, ძლიერი სახელმწიფოსთვის ეკონომიკის განვითარება პრიორიტეტია“, - განაცხადა უმრავლესობასთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ახალ გეგმაში აქცენტი გაკეთდება ინკლუზიურ განვითარებაზე, ახალ იდეებსა და პროგრამებზე.