ეკონომიკა
20/04/2023

იანვარ-მარტში ფეროშენადნობების ექსპორტი განახევრდა

2023 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფეროშენადნობების ექსპორტი თითქმის განახევრდა. 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის სამ თვეში ქვეყნიდან 81.8 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 160 მლნ დოლარს აჭარბებდა. პროცენტულ მაჩვენებლებში კლება 48.9%-ია.

მიუხედავად, ფეროშენადნობების ექსპორტის მნივნელოვანი კლებისა, ის კვლავ რჩება ქვეყნის ძირითად საექსპორტო პროდუქციის სამეულში, მესამე ადგილას და მთლიან ექსპორტში 5.6% უჭირავს.

2023 წლის იანვარ-მარტში ფეროშენადნობების ძირითადი ნაწილი ექსპორტზე რუსეთში გავიდა. აღნიშნულ ქვეყანაში ჯამში 45. 3 მლნ დოლარის ღირებულების 36 224 ტონა ფეროშენადნობები გაიყიდა. 17 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები კი ექსპორტზე თურქეთში გავიდა.

შეგახსენებთ, ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედა. საბაჟო გადასახადის დაწესების შედეგად, ქართველი მწარმოებლები რუსულ ბაზარზე ექსპორტის შეწყვეტას ელოდნენ.

Businesspartner