I კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვები 46%-ით გაიზარდა - როგორია ტვირთბრუნვა ქართულ პორტებში
ქართულ პორტებში საკონტეინერო ტვირთბრუნვა გაიზარდა. 2023 წლის პირველ კვარტალში ნავსადგურებმა 147 973 კონტეინერი გადაამუშავეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით მეტია.
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, პირველ სამ თვეში ბათუმის ნავსადგურში 22 764 კონტეინერი გადამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით ნაკლებია, ფოთის პორტში კი საკონტეინერო ტვირთბრუნვა 67%-ით გაიზარდა, ნავსადგურმა 125 209 კონტეინერი გადაამუშავა.
2023 წლის პირველ სამ თვეში ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში გენერალურმა ტვირთმა 1 229 548 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია. იანვარ-მარტში ბათუმის პორტში გენერალური ტვირთების 42%-იანი კლება დაფიქსირდა. ნავსადგურმა ჯამში 39 638 ტონა გენერალურ ტვირთები გადაამუშავა. ფოთის პორტი კი 1 189 910 ტონა გენერალურ ტვირთებს მოემსახურა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ია.
მნიშვნელოვნადაა შემცირებული ნაყარი ტვირთების მოცულობაც. ნაყარი ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის სამი თვის განმავლობაში ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში 917,706 ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-იანი კლების მაჩვენებელია. ფოთში 592,338 ტონა ნაყარი ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. ბათუმის პორტში კი 325,368 ტონა, ამ შემთხვევაში ზრდა 0.5%-ია.
რაც შეეხევა ნავთობპროდუქტებს, საქართველოს ნავსადგურებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობა, საანგარიშო პერიოდში 39%-ით შემცირდა და ჯამში 1 190 301 ტონა შეადგინა.