“გვაქვს შანსი, რელოკაციის პირობებში საქართველოში ახალი კომპანიები მოვიზიდოთ”
„აწარმოე საქართველოში“-ს ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მოძიებულია 400-ზე მეტი კომპანია და რელოკაციის პირობებში მათი სამუშაო ძალის გადმოტანასაც საქართველოში შეეცდებიან.
„სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან ძალიან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ პირდაპირი უცხოური ინვეტიციების მოზიდვაზე. საქართველოს ახალი შანსი ეძლევა, რომ რელოკაციის პირობებში, როდესაც კომპანიები დატოვებენ ჩინეთს, ჩვენ მომზადებული ვიყოთ კონკრეტული შეთავაზებებით. ეს შეთავაზებები დაფუძნებული იქნება იმ პრიორიტეტებსა და უპირატესობებზე, რომელიც ქვეყანას აქვს, მაგრამ ამას კიდევ დაემატება ახალი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა, რაც ვირუსთან გამკლავება და უსაფრთხო ქვეყნის სტატუსია, რომელიც დღეს მსოფლიოს აღიარებით გვაქვს. კონკრეტული გეგმა გვაქვს გაწერილი პრიორიტეტებით. 400-ზე მეტი კომპანია გვყავს მოძიებული, რომლებიც პერსპექტივაში შეიძლება ჩვენთან გადმოვიტანოთ, რადგან მათ უმეტესობას ოპერაციები აქვთ ჩინეთში, ასევე გასაღების ბაზარი ევროპაშიც აქვთ.
ყველა შეეცდება, რომ დაამოკლოს მიწოდების ჯაჭვი და ჩვენ ამ დამოკლების ეტაპზე იდეალურ ლოკაციაში ვართ, რადგან გეოგრაფიულად ევროპის ნაწილი ვართ და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც ჩინეთსა და ევროკავშირთან გვაქვს, უნიკალურ შანსს გვაძლევს, რომ ასეთი კომპანიებისთვის ახალი რელოკაციის მიზანი გავხდეთ“,- აცხადებს ხიდურელი.