გიორგი სეთურიძე: ავიაგადაზიდვების ბაზარზე პროგნოზირება ჭირს
„სატვირთო ავიაგადამზიდავებისთვის 2021 ოქროს წელი იყო.“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „კამექს ეარლაინსის" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა განუცხადა. გიორგი სეთურიძის თქმით, დღეისათვის ავიაგადაზიდვების ბაზარზე გათვლების გაკეთება ჭირს, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში, თითქმის არცერთი პროგნოზი არ გამართლდა.
„2019 წელს ნავარაუდევი ზრდა არ გამართლდა. 2020-ის მეორე ნახევარში იყო ფასების მატება და ყველა ანალიტიკოსი ამბობდა, რომ ეს სიტუაცია გაგრძელდებოდა 2028 წლამდე, მაგრამ ომი დაიწყო და ვითარება შეიცვალა. ვარაუდობდნენ, რომ რამდენიმე დღეში დამთავრდებოდა, მაგრამ ეს ტრაგედია დღემდე გრძელდება.
არც იმას ელოდნენ, რომ გასულ შემოდგომაზე ჩინეთი გამოაცხადებდა ლოქდაუნებს და წლის ბოლოს უმსხვილესი ევროპული ჰაბები სატვირთო ბრუნვებში 20%-იან კლებაზე განაცხადებდნენ. ეს ყველაფერი მოხდა სპონტანურად, ყოველგვარი პროგნოზის გარეშე,“-განმარტა გიორგი სეთურიძემ.
მისივე თქმით, მთავარია რომ კომპანიები ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყვნენ.
„დიდ კომპანიებს რომლებსაც აქვთ ე.წ სარეზერვო რესურსები, შესაძლებლობა აქვთ რომ გადაიტანონ მძიმე პერიოდი, რომელიც ავიაგადაზიდვების ბაზარზე ახლა დგას. თუმცა, გაუჭირდებათ კომპანიებს, რომლებსაც ასეთი რესურსი არ გააჩნიათ. ვითარება ხშირად გვაჩვენებს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიზნესი ცდილობს მუდამ იყოს ოპტიმისტური. ოპტიმიზმს ამყარებს ბოლო სტატისტიკა და ვიტოვებთ იმედს, რომ აღმოსავლეთის ბაზრებზე ისევ იქნება მატება.“-აღნიშნა გიორგი სეთურიძემ.