გიორგი მელიქიძე: საპენსიო ფონდმა ქართულ ეკონომიკას სიგნალი მიაწოდა
საპენსიო ფონდმა ქართულ ეკონომიკას სიგნალი მიაწოდა იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა და კორპორაციებმა ობლიგაციების გამოშვება განიხილონ, - ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული" საპენსიო სააგენტოს უფროსმა და საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, პირველად საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში გაჩნდა გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი. როგორც მელიქიძე აღნიშნავს, საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი ეკონომიკური სარგებელი ისაა, რომ ეკონომიკას მიეწოდება გრძელვადიანი საინვეტიციო კაპიტალი, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის.
„დღეს ვუყურებდი ბაზარს... ჩვენ რომ გვყვავდეს სპეციალიზიებული დეპოზიტარი რა არის ნებადართული ინვესტიცია, რომელსაც ჩვენ დავინახავდით. ჩვენ დღეს გვაქვს 4 ევრობონდი - სახელმწიფო ევრობონდები, სუვერენული ევრობონდები (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ნავთობის და გაზის კორპორაცია). ესენი მოხვდებოდნენ ჩვენს საინვესტიციო სივრცეში, საუბარია უცხოურ ვალუტაზე, რადგან ადგილობრივ ვალუტაში მწირი არჩევანი გვაქვს: ეს არის "ევექსი," GWP და "ქართული ლუდის კომპანია". დღეს ეს სურათია - ჩვენი პორტფელის სიმულაციას რომ ვაკეთებთ, თუ სად შევიდოდით და რომელ საინვესტიციო ინსტრუმენტებს განვიხილავდით. წლის ბოლომდე კი შეიძლება ბაზარზე ახალი ინსტრუმენტები გამოჩნდეს,“ - აცხადებს გიორგი მელიქიძე.
შეგახსენებთ, 2020 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო - 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა - 59 პირმა.
საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის განმავლობაში საშუალოდ 12 000-ზე მეტია.
საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.