ეკონომიკა
30/11/2020

გიორგი ხიშტოვანი: კრიტიკულ სიტუაციაში რეგულაციების გამკაცრება ბუნებრივია

PMC–ის კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთა“ შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბრობს.

მისი თქმით, შეზღუდვების გამკაცრება არ უნდა დავაბრალოთ იმას, რომ ზაფხულში ეკონომიკა აქტიური იყო და მოქალაქეებიც თავისუფლად მოქმედებდნენ.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო მსგავსი სტრატეგიით მართავს პროცესებს. ერთადერთი კითხვა, რაც არსებობს, არის ის თუ რამდენად დროულად მოხდა ახალი შეზღუდვების მიღება და რატომ არ მოხდა ეს ოქტომბერში. ბუნებრივია, როდესაც კრიტიკულ სიტუაციამდე მივდივართ რეგულაციებიც გამკაცრდება.

„ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა აუცილებლობის წინაშე აყენებს სახელმწიფოს, რომ კონკრეტული შეზღუდვები იქნას მიღებული. რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის ეს იქნება უარყოფითი მოვლენა. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეკონომიკური გარემო დეკემბერ–იანვრში გაუარესდება. სავარაუდოდ, ეს აისახება დასაქმების მაჩვენებელზე და გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვები არის რბილი ვიდრე ეს იყო პირველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ორნიშნიანი კლება არ გვექნება და ეს იქნება დაახლოებით 6–7%. იმედი მაქვს შეზღუდვები დასრულდება იანვრის თვეში, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად მზად იქნება ჯანდაცვის სისტემა პანდემიის ეფექტიანად მართვისთვის. მთელი მსოფლიო აკვირდება სიტუაციას და რეცესია არის ცხადი,“– აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ  ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

Businesspartner