გიორგი ხიშტოვანი: კოლეჯებს საკუთარი ფინანსების მართვაში მეტი თავისუფლება სჭირდებათ
„ბიზნესი ვერ ხედავს სწრაფ ბენეფიტებს იმაში, რომ ჩაერთოს პროფესიული განათლების სისტემაში.“- ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
მისი განმარტებით, პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის ქმედითი მოდელის შეფასებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა გამოიკვეთა, რომელთა გადაჭრის გზების პოვნა აუცილებელია.
„ჩვენი მთავარი დაკვირვებაა, რომ აუცილებელია ცნობიერების გაზრდა, ასევე სტიმულები, რომლებიც ექნება კერძო სექტორს იმისთვის რომ ჩაერთოს განათლების სექტორში და კიდევ, შრომის ბაზრის ისეთი მოქნილი სისტემის არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების დასაქმებას და პროფესიული განათლება გახდება უფრო პოპულარული ახალგაზრდებში და მათ მშობლებში.“-აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროფესიული განათლების სისტემა არ იქნება ბიუროკრატიული მასში ბიზნესის მონაწილეობა გაიზრდება.
„იმისთვის რომ ფორმალურ განათლებაში ჩაერთოს ბიზნესი, მას სჭირდება უფრო მოქნილი განათლების სექტორი, ვგულისხმობ კოლეჯებს, რომელთაც უნდა ქონდეთ მეტი დამოუკიდებლობა თავისი ფინანსური რესურსების მართვის. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით საჯარო კოლეჯები, სამწუხაროდ, ამ თავისუფლებას არ ფლობენ, საკმაოდ შეზღუდულია მათი უნარები და უფლებები, რომ განკარგონ საკუთარი ბიუჯეტი.“-აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.