გიორგი ხიშტოვანი: ინფლაციის 7.2%-იანი მაჩვენებელი სერიოზული გამოწვევაა
„ინფლაციის 7.2%-იანი მაჩვენებელი არის ნამდვილი პრობლემა“- ასე შეაფასა PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა მარტის ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ორი წლის მაქსიმუმზეა.
„დავიწყოთ იმით , რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელია 3%-ი და დავამთავროთ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ინფლაციის 7.2%-იანი მაჩვენებელი არის სერიოზული გამოწვევა. ეკონომიკური კრიზისი მაღალი ინფლაციით არის ძალიან დიდი პრობლემა.
ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ქმედითი ინსტრუმენტები ინფლაციის მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც თავის მხრივ, უკუჩვენებას გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის კუთხით. დილემურ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, ქმედითი ზომების მიღება ერთის მხრივ ისე, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დაუახლოვდეს მიზნობრივ ნიშნულს,მაგრამ ნაკლები პრობლემა შეექმნას ეონომიკურ გადაწყვეტებს.“-განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
მისივე განმარტებით, ინფლაციის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.
„მგონი უკვე ყველა დარწმუნდა, მათ შორის ეროვნული ბანკიც, რომ ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ამაზე ვფიქრობ, არსებობს კონსესუსი. შესაბამისად, მანამ სანამ მოლოდინები ეროვნული ვალუტის კურსთან დაკაშირებით არ იქნება პოზიტიური, მოლოდინები ინფლაციასთან დაკავშირებითაც არ იქნება პოზიტიური. სასწრაფოდ, შესაბამისი ზომებია მისაღები ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მოკლევადიან პერსპექტივაში არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდეს. საშუალოვადიან პერსპექტივაში კი გამყარდეს ძირითად უცხოურ ვალუტებთან. თუ ეს არ მოხდა, ინფლაცია იქნება 7%-ზე მეტი.“-განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მარტში ინფლაცია 7.2%-მდე გაიზარდა, რაც 2019 წლის შემდგომ ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია.