გიორგი კაკაურიძე: მივლინებების, საწვავისა და ადმინისტრაციული ხარჯები შეზღუდულია
პრემიების მუხლი სრულად ამოღებულია და შევზღუდეთ ახალი კადრების აყვანაც, - ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2020 წლის ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯების მაქსიმალურ შეკვეცაზე აცხადებს.
გიორგი კაკაურიძის თქმით, ხაჯების შეზღუდვა სახელმწიფო აპარატში ჯერ კიდევ მარტიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძდელდება.
„ამ ხარჯებში შედის საწვავის ხარჯები, მივლინებები, ადმინისტრაციული ხარჯები, შრომის ანაზღაურება. თუ სადმე საპრემიო რესურსი იყო მთლიანად ამოღებულია. ასევე ვაკანტურ თანამდებობებზე მაქსიმალურად შევზღუდეთ ახალი კადრების აყვანა. კულტურულ ღონისძიებებში, სპორტული ღონისძიებებში, მათ შორის ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის გათვალისწიებული თანხებიც ამოღებულია. თანხები ამოღებულია ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.
მისი თქმით, კლება შეეხება კაპიტალურ ხარჯებსაც, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურლი პროექტები წელს, დროში გადანაწილდება, ისე, რომ საბოლოო დასრულების ვადები მნიშვნელოვნად არ შეცვლილიყო.
„წელს შესასრულებელი სამუშაოების ნაწილი გადაინაცვლებს მომდევნო პერიოდში, ეს ერთის მხრივ, რესურსის ეკონომიის მიზნით გაკეთდა და მეორეს მხრივ, პანდემიის პირობებში ისეთი მოცულობით ვერ იქნებოდა სამუშაოები განხორციელებული, როგროც გასული წლის მეორე ნახევარში ხორციელდებოდა“, - აღნიშნა კაკაურიძემ.
აღსანიშნავია, რომ ნაერთ ბიუჯეტში 600 მილიონი გამოთავისუფლდა. ნაწილი მიმდინარე, ნაწილი კი, კაპიტალური პროექტების ხარჯზე.