გიორგი ანთაძე: კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის არარსებობა ქვეყანას აზარალებს
„კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის არარსებობა ქვეყანას აზარალებს“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა განუცხადა. გიორგი ანთაძის განმარტებით, სტრატეგიაზე მუშაობა დროში გაიწელა.
„საკმაო პერიოდი გავიდა უკვე, რაც ამ სტრატეგიაზე მიდის მუშაობა და ვიტყოდი, რომ ძალიან გაჭიანურდა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში კიბერ-სტრატეგია მიღებული იქნება ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ იგი არსებულ საფრთხეებზე იყოს ორიენტირებული. კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის დამტკიცებაც არამარტო ჩვენს პრაქტიკულ შედეგებზე არის ორიენტირებული. მას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ელოდებიან, რომ შესაბამისი დახმარება გაგვიწიონ,“ - განაცხადა გიორგი ანთაძემ.
მისივე განმარტებით, კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის მნივნელოვანი გამოწვევაა და კიბერთავდასხმებისგან 100%-ით დაზღვეული არავინ არის.
როგორც გიორგი ანთაძემ განმარტა, მხოლოდ ერთმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ „დარქ საიდმა“ დასავლური სამყაროს კომპანიებს ათეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.
„რაც შეეხება სექტორებს, კიბერსფერო ისეთი ინდუსტრიაა, რომ კვალიფიციური მუშა-ხელი უფრო მეტად კერძო სექტორში მიდის და შესაბამისად, შედარებით მაღალი დაცულობის ხარისხი სწორედ აქ არის, თუმცა სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე 100%-ით დაცული კიბერთავდასხმებისგან არავინ არის,“ - აღნიშნა გიორგი ანთაძემ.