ეკონომიკა
07/08/2020

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევრო გამოუყო

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევრო გამოუყო.

თანხას ქვეყანა ახალი პროგრამის „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“ ფარგლებში მიიღებს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა. ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

დაფინანსება საბიუჯეტო მხარდაჭერაა, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მოხმარდება პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას.

KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიღებული აქვს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის (PBL - ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) საბიუჯეტო მხარდაჭერა, 90 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა მიმდინარე წლის 30 ივლისს.

 

Businesspartner