Geosky: პირველ კვარტალში ტვირთები 50%-ით შეგვიმცირდა
სატვირთო ავიაკომპანიებისთვის მიმდინარე წელიც ტვირთბრუნვის კლებით დაიწყო.
როგორც Geosky-ს ვიცე-პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, კომპანიაში ტვირთების გადაზიდვა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებთ 50%-ით არის შემცირებული.
შალვა კიკნაძის განმარტებით, ტვირთების შემცირების ძირითადი მიზეზი რამდენიმეა, თუმცა ეს შედეგი ძირითადად კოვიდ შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა.
მისი თქმით, პანდემიის პერიოდში სამგზავრო ავიარეისები შეზღუდული იყო, საჰაერო სატვირთო გადამზიდავები კი მაღალი დატვირთვით ოპერირებდნენ. პანდემიური აკრძალვების სრულად მოხსნის შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავებმაც აქტიურად განაახლეს ტვირთების გადაზიდვა.
„2023 წლიდან მთელ მსოფლიოში მოიხსნა შეზღდვები, რაც პანდემიის პერიოდში არსებობდა. ამის შემდეგ მთელმა რიგმა კომპანიებმა სამგზავრო რეისებითაც განაახლეს ტვირთების გადაზიდვა. დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს შეუძლიათ მგზავრებთან ერთად 20-30 ტონა ტვირთის გადატანა. აქედან გამომდინარე შემცირდა მოთხოვნა სატვირთო საჰაერო ხომალდებით ტვირთების გადატანის, ვინაიდან სამგზავრო რეისი არის რეგულარული, რომელიც იქნება თუ არა ტვირთი, მაინც ასრულებს რეისს და შესაბამისად, ტვირთის ღირებულებაც შედარებით დაბალია. აქედან გამომდინარე, შედარებით მცირე მოხულობის ტვირთები ძირითადად სამგზავრო ხომალდებით გადააქვთ.“- აღნიშნა შალვა კიკნაძემ.
მისივე განმარტებით, სატვირთო ავიახომალდებზე ტვირთნაკადის კლება გაგრძელდება.
„თუ ავიღებთ პირველ კვარტალს, გასულ წელთან შედარებით ტვირთების შემცირების მაჩვენებელი საკმაოდ დიდია, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში კლება 50% მაინც არის. პერსპექტივაში, კიდევ შემცირდება მაჩვენებლები. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა ისედაც ყოველთვის დაბალია და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ არც ზამთარში იყო კარგი შედეგები, ბუნებრივია, ზაფხულისთვის პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს.“-აღნიშნა შალვა კიკნაძემ.
ცნობისთვის, გასულ წელს სატვირთო ავიაკომპანიებმა ჯამში 11 182 ტონა ტვირთი გადაზიდეს, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 13 758 ტონას შეადგენდა.