ეკონომიკა
06/09/2023

გენადი არველაძე: სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი 5%-ით არის გაზრდილი

საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების საკანონმდებლო აქტების 60%-ზე მეტთან.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ კუთხით დაახლოების ვალდებულება 239 აქტთან დაკავშირებით აქვს ქვეყანას აღებული, საიდანაც 146 აქტთან დაახლოება უკვე განხორციელებულია.

„2023 წლის იანვარ-ივნისში ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21%-ით და შეადგინა 2 მლრდ 134 მლნ დოლარი. ამავე პერიოდში 31 %-ით გაიზარდა იმპორტი და 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შემცირდა 8%-ით. თუმცა მიუხედავად კლებისა, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი 5%-ით არის გაზრდილი.

ექსპორტი გაიზარდა ისეთ მნიშვნელოვან სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა მინერალური წყლები, ამ ნაწილში ზრდა 43 %-იაა, ხილბოსტნეულის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კი 84%-ით არის მომატებული.“-აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისივე განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის კლება მეტწილად სპილენძის მადნებით და კონცენტრატების კლებით არის განპირობებული, ასევე 88%-იანი კლება დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტში.

„კლება გვაქვს ღვინისა და თხილის ექსპორტის მიმართულებითაც. თუმცა ღვინის ექსპორტი შემცირებულია არამხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, დანარჩენ ბაზრებზეც ამ კუთხით მაჩვენებლები შედარებით დაბალია.“-აღნიშნა გენადი არველაძემ.