ეკონომიკა
04/05/2021

Galt&Taggart-ი: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს შესაძლოა 2022 წლის II კვარტლიდან მიუახლოვდეს

„გალთ ენდ თაგარტის“ ეკონომისტის განმარტებით, ინფლაციის ზრდაზე სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის ლარის კურსი, მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებსა და გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა და პანდემიასთან დაკავშირებული დანახარჯები.

„აპრილის ინფლაცია მოსალოდნელი იყო რომ იქნებოდა 7-7.5% ფარგლებში და რეალურმა მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. ჩვენი ბოლო პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 6.9%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ინფლაციის ზრდას პერიოდის ბოლოს, დეკემბერში ვვარაუდობთ. შარშან დეკემბერში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო, ინფლაცია იყო 2.4%, ამიტომ საბაზისო ეფექტის გამო ინფლაცია დეკემბრის ბოლოს მოსალოდნელია 8.6%-ის ფარგლებში. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ინფლაციაზე გავლენას ახდენს ენერგომატარებლებსა და საკვები პროდუქრტების ფასების ზრდაა. მეორე ფაქტორია ლარის გაუფასურება. რამაც ინფლაციაზე წნეხი გაზარდა. მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორია პანდემიასთან დაკავშირებული დანახარჯები,“ - განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოვება 2022 წლის მეორე კვარტლიდან არის შესაძლებელი.

„2022 წლის მეორე კვარტლიდან არის შესაძლებელი, რომ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლს დავუახლოვდეთ, თუმცა ეს დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შეიძლება გამოიკვეთოს და ხელი შეუშალოს ინფლაციის მიზნობრივთან დაახლოებას, ეს არის რამდენად იქნება მოთხოვნის გამოცოცხლება და შემდგომ მოთხოვნიდან წნეხი ფასების დონეზე,“-განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლიური ინფლაცია მარტშიც 7.2% იყო. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა.

Businesspartner