ეკონომიკა
16/04/2021

Galt & Taggart: ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში წლის II ნახევარში ლარის კურსი 3.25-3.4 ფარგლებში იქნება

ბოლო პერიოდში ლარი მკვეთრად უფასურდება, Galt&Taggart-ის პოზიტიური სცენარი წლის მეორე ნახევარში ლარის კურსის ცვლილება 3.25–3.4 ფარგლებში იქნება.

საინვესტიციო კომპანია ეროვნული ვალუტის დაღმასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ლარის გაუფასურების უპირველეს მიზეზად არსებულ რეალობას და ეკონომკის ჩაკეტვას ასახელებს.

"ახლაც მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა, მესამე ტალღის მოლოდინი და თურქული ლირის გაუფასურებიდან წარმოქმნილი ნეგატიური მოლოდინები", - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

"ჩვენი რეალური კურსი ლირის მიმართ გაუფასურებულია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უპირატესობა და არა პირიქით.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი მოლოდინია, რომ ლარი 3.4–3.5–ის ფარგლებში იქნება მერყევი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი აღდგა წლის მეორე ნახევარში და არსებულ მოლოდინზე პოზიტიური სცენარი განვითარდა, მაშინ 3.25–3.4 ფარგლებში უნდა ველოდოთ ლარის კურსის ცვლილებას,“– აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.

დღეს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებსა და მოლოდინებზე ისაუბრა. ასევე, განიხილა ყველა ძირითადი ეკონომიკური პარამეტრი − ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და გაცვლითი კურსი.