ეკონომიკა
01/04/2021

Galt & Taggart-ი ეკონომიკის 3.8%-იან ზრდას ელის, თუმცა პროგნოზის გადახედვას არ გამორიცხავს

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი მიიჩნევს, რომ წლის განმავლობაში ეკონომკური ზრდის პროგნოზების გადახედვა მოუწევთ. ევა ბოჭორიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მოლოდინია, რომ წლიურად 3,8%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც ნეგატიური სცენარის მიხედვით პროგნოზირებული მაჩვენებელია.

„2020 წლის ბოლოს ჩვენ გვქონდა ორი სცენარი: პოზიტიური და ნეგატიური, ამ გადმოსახდიდან შეიძლება ითქვას, რომ პროცესები ნეგატიური სცენარით ვითარდება. შესაბამისად, ვფიქრობთ,  ეკონომიკური ზრდა იქნება 3.8%. თუმცა, რადგან კვლავ ბევრი გაურკვევლობაა როგორც რეგიონში ისე ქვეყანაში, წლის განმავლობაში არსებული პროგნოზების გადახედვა მოგვიწევს. პოზიტიურია ის რომ ზრდა გვაქვს ვაჭრობაში. თუმცა, ის სექტორები, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან ტურიზმთან დაკავშირებული, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტირება, ლოგისტიკა, და სხვა კვლავ კლებას აჩვენებს. იმისთვის რომ ამ დარგებმა ზრდა დააგენერირონ ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის აღდგენა. როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც 1-ელი თებერვლიდან ეკონომიკა ეტაპობრივად გაიხსნა, ეკონომიკური კლების მონაცემები იანვართან შედარებით გაუმჯობესებულია და კლების ტემპი 11.5%-დან 5.1%-მდეა შენელებული. თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც საგანგაშოა,“ - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა, იანვარ-თებერვალში ეკონომიკა საშუალოდ 8.3%-ით შემცირდა.

2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.

ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

Businesspartner