გადახდისუუნარობის ახალი კანონით 41-მა კომპანიამ ისარგებლა
ბოლო მონაცემებით, გადახდისუუნარობის ახალი კანონით ორმოცდაერთმა კომპანიამ ისარგებლა. საქმეთა ნაწილი გაკოტრებით, ნაწილი კი კომპანიის რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით დასრულდა.
როგორც ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, 2021 წლის აპრილის შემდეგ, 14 კომპანიის რეაბილიტაცია მოხერხდა. ამასთან, ამ პერიოდის მანძილზე უკვე დამტკიცებულია შვიდი რეაბილიტაციის გეგმა, 20 კომპანიის საქმე კი გაკოტრებით დასრულდა.
„ბიზნესს და მის კრედიტორებს აქვთ 9 თვე, რათა შეადგინონ და დაამტკიცონ რეაბილიტაციის გეგმა და მიუხდედავად გადატვირთულობისა, ჩვენდა სასიხარულოდ, უნდა ითქვას, რომ სასამართლო არსებულ ვადებს იცავს.
ამ კანონით რისი მიღწევაც გვინდოდა, რომ ვადაში კომპაქტურად ჩატეულიყო პროცესი, არ გაჭიანურებულიყო, ბოროტად არ ყოფილიყო გამოყენებული და რეალური გეგმისთვის მიეღწია, ეს ყველა დამტკიცებულ გეგმაში და რეაბილიტაციის საქმეში გამოჩნდა. ძალიან დიდი წინსვლაა ეს, რადგან სიჩქარე და დროულობა ბიზნესის გადარჩენისთვის არის მნიშვნელოვანი.“ - განმარტა ნანა ამისულაშვილმა.
დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი კი აღნიშნავს, რომ გადახდისუუნარობის კანონის გამოყენების ტემპი საკმარისად სწრაფი არ არის. იყო მოლოდინი რომ პანდემიის შემდეგ გადახდისუუნარობის ახალი კანონის გამოყენება უფრო ბევრ კომპანიას მოუწევდა. თუმცა ნიკა აბუთიძის შეფასებით, ცნობიერების ამაღლებისთვის და ახალი კანონის ბენეფიტების გასაცნობად ბიზნესს მეტი დრო სჭირდება.
„ფაქტი ერთია, ფინანსური პრობლემების მქონე კომპანიისთვის და მისი კრედიტორებისთვის გაკოტრების ახალი კანონის გამოყენება ერთგვარი გადარჩენის გზაა. ვინაიდან მისი გამოყენება ორმხრივად სასარგებლოა. რეაბილიტაციის გზით კრედიტორების კოლექტიური დაკმაყოფილება ხდება. ამასთან კომპანია ინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და აგრძელებს ფუნქციონირებას.“ -აღნიშნავს ნიკა აბუთიძე.
მისივე განმარტებით, გადახდისუუნარობის ახალი კანონის პრაქტიკაში გამოყენებამ გარკვეული პრობლემებიც გამოკვეთა. მაგალითაც, გამოწვევებს შორის სახელდება ის რომ შეფერხებებია ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან.
„ამ კუთხით საჯარო უწყებებში ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. რადგან გადახდისუუნარობის კანონის სპეციალური მოთხოვნები ბევრმა საჯარო მოხელემ არ იცის და დასანერგია ერთგვაროვანი მიდგომები, რათა საქმის წარმოებისას შეფერხებები არ იყოს.“-აღნიშნავს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი.
ცნობისთვის, გადახდისუუნარობის შესახებ კანონში ცვლილებებები 2021 წლის აპრილში შევიდა.