ეკონომიკა
21/08/2020

ფრენები რუსეთმა შეწყვიტა, აღდგენაც მასზეა - ზურაბ აბაშიძე

ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში, - ასე გამოეხმაურა ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს და ხაზს უსვამს მათი გაუმჯობესების სურვილს.

„საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი - აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომებზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, არც პოლიტიკურ და უსაფრთხოების, არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.

„გრძელდება მილიტარიზაციის, ბორდერიზაციის, ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლების პროცესი, ყოველდღიურად ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. თუ რუსეთს ნამდვილად სურს მეგობრული ურთიერთობების და ორმხრივი კავშირების სრულფასოვანი აღდგენა, მან უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება და რეალური პროგრესი გვიჩვენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუში სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის განახლება უახლოესი მომავლის საკითხია.

"ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ველოდებით სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ლავროვმა.

რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები პანდემიამდე გაცილებით ადრემ 2019 წლის 8 აგვისტოდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტეს. გადაწყვეტილება "გავრილოვის ღამეს" უკავშირდებოდა.

 

Businesspartner