ეკონომიკა
01/03/2022

ფოთის მარცვეულის ტერმინალი რუსული ხორბლის ჩანაცვლებაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს

ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი არ არის და 1 თვის მარაგი არსებობს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი  იმპორტიორი კომპანია "ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ (ყოფილი "აგრიკომი") დირექტორი  ქეთი კუბლაშვილი ესაუბრა. 

მისი განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,"ფოთის მარცვლეულის ტერმინალი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ხორბლის სხვა ექსპორტიორ ქვეყნებთან, მათ შორისაა, უნგრეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.

„რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება შეიძლება ნებისმიერ წუთს. უბრალოდ, ეს მოითხოვს გარკვეულ დროს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 კვირა, სანამ ხორბლის გემი ფიზიკურად შემოვა საქართველოში. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ქვეყანას 1 თვის ხორბლის მარაგი აქვს. რუსეთის პორტები დაკეტილია და რუსული ხორბლით გემები ჩვენთან ვეღარ შემოვა.  თუმცა, ღიაა სახმელეთო გზა, ვგულისხმობ ლარსს. ამ დროისთვის ვერ ვხედავ რუსული ხორბლის ჩანაცვლების პრობლემას,“ - აცხადებს კუბლაშვილი.

მისივე განმარტებით, შექმნილ სიტუაციაში არ არის გამორიცხული გაიზარდოს ხორბლის ფასი, რაც საბოლოოდ პურ-პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.

„საქართველომ ვერასდროს მოახერხა ამ სექტორში ბაზრის დივერსიფიცირება. ჩვენი ხორბლის ბაზარი პრაქტიკულად მთლიანად რუსული ხორბლით მარაგდებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი რაციონალური და ეკონომიკური მიზეზები აქვს. ხორბლით მოვაჭრე ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა რუსეთი, ტერიტორიული სიახლოვის გამო და ფასწარმოქმნით ყველაზე მისაღები რუსეთის ბაზარია. ამიტომ ხდებოდა რუსეთიდან იმპორტი. შეუძლებელი იყო სხვა ქვეყნიდან ხორბლის შემოტანა და ამ პირობებში კონკურენციის გაწევა.

შექმნილ სიტუაციაში ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გარკვეულ მომენტში შეიძლება ფასი გაიზარდოს, თუმცა, ეს არ იქნება ის შედეგი, რომელიც გაუსაძლისი იქნება,“ - აცხადებს კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინაში მეექვსე დღეა ომია, რომლის შედეგადაც რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით დაეცა. რუსული ვალუტის ახალი რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ზოგიერთ ბანკს SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემის გამოყენება აეკრძალა.