ფინანსთა სამინისტრო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ელის
ფინანსთა სამინისტრო 2022 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას ვარაუდობს.
ლაშა ხუციშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე გლობალური ეკონომიკური რისკები ნარჩუნდება, თუმცა სხვა თანაბარ პირობებში პოზოტიური ტენდენციების ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ფინანასთა მინისტრის მოადგილის, მირზა გელაშვილის განცხადებით, 2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 3.2%-ით შემცირდა და მშპ-ს 6.1% შეადგინა. შედეგად, მთავრობის ვალი 10%-ით შემცირდა და 2021 წლის ბოლოს მშპ-ს 50% იყო.
„აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ - 2019 წელთან შედარებით, მშპ 3.1%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი. ექსპორტი და ადგილობრივი ექსპორტი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა; ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის მეორე ნახევრიდან აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლის 50%-ს, მათ შორის, დეკემბერში - 58%-ით; ფულადი გზავნილები გაზრდილია დაახლოებით, 25%-ით. ჯამში, ველოდებით, რომ 2021 წლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაახლოებით, 2-2.5%-ით შემცირდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მირზა გელაშვილის თქმით, გლობალური კრიზისის ფონზე, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად შეძლო აღდგენის ფაზაში გადასვლა.
„ბუნებრივია, არსებობს და ნარჩუნდება მაღალი რისკები გლობალურადაც და რეგიონშიც, თუმცა სხვა თანაბარ პირობებში ველოდებით, რომ ზრდის მაღალი ტემპები მომავალშიც შენარჩუნდება“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, 2021 წელი საქართველომ ეკონომიკის ორნიშნულიანი ზრდით დაასრულა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.6%-ით განისაზღვრა. 2021 წლის დეკემბერში, კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 9.6% შეადგინა.
2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა
შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა,
სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.