ეკონომიკა
01/06/2023

ფასების ზრდა, შენობების გამოცვლა - რა შედეგებს გამოიღებს ბაღების რეგულაციები

ავტორიზაციის შედეგად კერძო ბაღების დიდ ნაწილს არსებულთან შედარებით განსხვავებული ტიპის შენობებში გადასვლა მოუწევთ, რადგან კერძო სახლები, რომლებშიც ხშირ შემთხვევაში ბაღები ფუნქციონირებენ, სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

მაგალითად, მათში არაა 40-50 კვადრატული მეტრის ფართის ოთახები, საკმარისი რაოდენობის სველი წერტილები და ა.შ. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში სკოლა „შავნაბადას“ დამფუძნებელმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა განაცხადა. სკოლას უკვე წლებია, აქვს „პრე სქული,“ სრულფასოვანი საბავშვო ბაღი - „ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია „შავნაბადა“ კი ბავშვების პირველ ნაკადს წელს მიიღებს.

აბდუშელიშვილის თქმით, ინვესტიციების განხორციელებამ საშუალება მისცათ, განევითარებინათ მიმდებარე ტერიტორიები, სადაც 200 ბავშვზე გათვლილი შენობა განთავსდა. ამ ეტაპზე ბაღის ადმინისტრაციას 20-მდე ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

როგორც ავთანდილ აბდუშელიშვილი აცხადებს, ბაღში არსებული ინფრასტრუქტურა, როგორც ეკოლოგიური, ისე უსაფრთხოებისა და კომფორტის კუთხით, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები და აღზრდის მეთოდებით სრულიად ახალი მიდგომა იქნება ამ ბაზარზე. ტარიფები კი თვეში 550 ლარიდან 600 ლარამდე (ბავშვის ბაღში დაყოვნების ხანგრძლივობის მიხედვით) იქნება.

რაც შეეხება სექტორში არსებულ ვითარებას, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგულაციები სავარაუდოდ, ფასებს გაზრდის,  ეს დადებითი მოვლენა იქნება მათთვის, ვისაც ამ ბიზნესის გრძელვადიანი განვითარების ხედვა აქვს, რადგან ეს არაა ის ბიზნესი, რომელში ჩადებული ინვესტიციებს ამოღება 2 და 3 წელიწადშია შესაძლებელი.

„ბაღებს მოუწევთ ახალ სტანდარტებთან ადაპტაცია და სხვა ტიპის ნაგებობებში გადასვლა. შესაძლოა, მათმა ნაწილმა, ინფრასტრუქტურული მოთხოვნების გამო, ბავშვების რაოდენობას გადახედოს, ეს კი ფასს აძვირებს. თუმცა, მეორეს მხრივ - ეს სფერო უნდა იყოს რეგულირებადი, რადგან როცა საქმე განათლებას და ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სტანდარტები ეხება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ კურიკულუმებს, ოჯახისა და თემის ჩართულობას, მიდგომებს...“ - აღნიშნა „შავნაბადას“ დამფუძნებელმა.

მისი თქმით, ბიზნესი, ზოგადად, მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით ვითარდება. ბაღების შემთხვევაში კი მშობლები, როგორც წესი, აქცენტს აკეთებენ უსაფრთხოებაზე, კვებაზე და იმაზე, რომ მათი შვილი სახლში „მოვლილი და მოწესრიგებული“ მოვიდეს, ასევე - ბევრი მათგანი ითხოვს ლაივ-რეჟიმში ტრანსლაციას ჯგუფებიდან. ეს ყველაფერი კი, აბდუშელიშვილის განცხადებით, არ ნიშნავს ხარისხიან და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებულ სერვისს, რადგან ბაღის ერთერთი მთავარი დანიშნულებაა, ბავშვი ჩართული იყოს სხვადასხვა აქტივობაში, რაც კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებისკენაა მიმართული. ლაივ-რეჟიმში ვიდეო-ტრანსლაცია კი, მისი თქმით, ხელს უშლის ჯგუფებში ბუნებრივი და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას და, ამასთან, არც ძალადობისგან დაცვის საშუალებაა.

ცნობისთვის: საბავშვო ბაღების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი ბაღების რეგისტრაცია დასრულდა. შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოში 2028 ბაღია, რომლთაგან 323 კერძოა. თვითშეფასების დასრულების შემდეგ ბაღების ავტორიზაციის გრაფიკი გაიწერება, ავტორიზაციის პროცესი კი 2025 წლიდან დაიწყება.

ავტორიზაციის მისაღებად, ყველა კერძო თუ საჯარო ბაგა-ბაღმა უნდა დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და კვებითი რაციონი. სტრატეგიაში გაწერილია ინფრასტრუქტურული სტანდარტებიც - მაგალითად, ბაღის განთავსება შენობის მხოლოდ პირველ-მეორე სართულზეა ნებადართული. განსაზღვრულია პერსონალის კვალიფიკაციის სტანდარტები, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები.